ნეტგაზეთი | მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება – Netgazeti
RU | GE  
მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება

მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება

22 ივნისს პურ-ფუნთუშეულის ახალ საწარმო „ბრედფილდში“ მედია ტური გაიმართა. 

„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს საწარმო დაათვალიერებინა და მათ წარმოების პროცესი და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო – „ბრედფილდი“ მალე ოფიციალურად გაიხსნება და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

“იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში, ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს — პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის”, — განაცხადეს საწარმოში.

თემურ ჭყონიამ საწარმოზე საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის: „ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის – 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, თუკი აქამდე „მაკდონალდს საქართველო“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება; საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის – 2022 წლიდან  „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა.

თემურ ჭყონია

გარდა იმისა, რომ „ბრედფილდი“ საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, „მაკდონალდსის“ მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მათ უკვე სახლშიც შეეძლებათ.

საწარმოს დათვალიერებისთანავე გასაგები ხდება, რომ „ბრედფილდისთვის“ ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი პურის ცხობას მეცნიერებას უწოდებენ და ამბობენ, რომ სიახლეებისთვის მუდმივად მზად არიან.

“ჩვენს საქმიანობას ვუდგებით, როგორც მეცნიერებას, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, პროფესიონალიზმში გამოიხატება”.

ბრედფილდი

სწორედ ამ პროფესიონალიზმისა და ცოდნის გაზიარება სურთ კომპანიაში. მედია ტურზე საწარმოს საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაზეც ისაუბრეს, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ.

გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს. 

„ბრედფილდში“ ბევრი მიმართულებით გვპირდებიან სიახლეებს. ყველაფერი კი კეთდება ერთი მიზნით – საერთაშორისო სტანდარტების საწარმომ დანერგოს სტანდარტი პურ-ფუნთუშეულის სექტორში და ხელი შეუწყოს პურის კულტურის განვითარებას საქართველოში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი