საზოგადოება

“მაკდონალდსმა” ელტონ ჯონზე განცხადება შეცვალა

16 ივნისი, 2023 • 2166
“მაკდონალდსმა” ელტონ ჯონზე განცხადება შეცვალა

„მაკდონალდს საქართველოს“ ადმინისტრაცია Happy Meal-ის სასაჩუქრე მენიუში ელტონ ჯონისადმი მიძღვნილი ბროშურის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს. ამ შემთხვევაში ის ბოდიშს აღარ იხდის ხსენებული ბროშურის გამო და აღნიშნავს, რომ “ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში”.

საქმე ეხება ბროშურას, რომელიც მომღერლის ბიოგრაფიას მოგვითხრობს და მათ შორის აღწერს მისი ცხოვრების ქორწინების ეტაპსაც: „[ელტონ ჯონი] დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“.

ახალ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მაკდონალდს საქართველოს“ ადმინისტრაციის გუნდის განცხადება: გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ დღიდან დაარსებისა, „მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფასეულობა იყო ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური კამპანიით ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, ბავშვების გახალისებას და მოტივირებას.

წლების განმავლობაში ჩვენ მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000-მდე შემეცნებითი წიგნი და ვამაყობთ, რომ ამით წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში. Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გლობალურად ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

წიგნებში მოთხრობილი ისტორიები, სოფი ბიერისა და ემი ბლექველის ავტორობით შექმნილი წიგნის – “Little people, big dreams”-ის სერიიდანაა აღებული. ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ.

მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას, როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.

Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით დაუშვებელია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერლისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორიაზე, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.

ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას. წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს.

16 ივნისს, მცირე ხნით ადრე გავრცელებულ და მალევე წაშლილ განცხადებაში, კომპანია ბოდიშს იხდიდა ელტონ ჯონზე მომზადებული ბროშურისთვის. ის ამბობდა, რომ “აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება”.

წაშლილ განცხადებაში ეწერა, რომ კომპანიის მენეჯმენტი იზიარებდა “დაშვებულ შეცდომას” და ბოდიშს უხდიდა საზოგადოებას.

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში, ასევე, სამთავრობო მედიისა და ექსპერტების მიერ თემურ ჭყონიას წინააღმდეგ აგორებულია ჰომოფობიური შინაარსის კამპანია „მაკდონალდსის“ სასაჩუქრე წიგნის გამო. ხსენებული ჩანაწერი „ოცნების“ დეპუტატებმა „ამაზრზენ“ ლგბტ პროპაგანდად“ შერაცხეს.

ამავე თემაზე

თემურ ჭყონიას პოზიცია ელტონ ჯონზე წიგნის გამო ატეხილ კამპანიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი