ახალი ამბები

„სიბინძურის პროპაგანდა“ – კალაძის ჰომოფობიური განცხადება „მაკდონალდსზე“

19 ივნისი, 2023 • 7039
„სიბინძურის პროპაგანდა“ – კალაძის ჰომოფობიური განცხადება „მაკდონალდსზე“

კახა კალაძე, ჰომოფობიური ლექსიკით აკრიტიკებს მაკდონალდს და ამბობს, რომ ქვეყანაში „სიბინძურის პროპაგანდა“ არ უნდა დავუშვათ.

დღეს, 19 ივნისს, კალაძეს ჰკითხეს, იყენებდა თუ არა „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანზე, მათ შორის, თემურ ჭყონიაზე თავდასხმისთვის. კალაძემ თქვა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა დასძინა, რომ „ყველაფერი ნათელი და ცხადია“ და როდესაც ხდება „სიბინძურის პროპაგანდა“, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე, მომავალზე და, შესაბამისად, ეს არის დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სიბინძურის პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

2022 წლის ივლისში კახა კალაძემ თემურ ჭყონიასთან ერთად მაკდონალდსის ერთ-ერთი ფილიალი გახსნა კახეთის გზატკეცილზე.

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში, ასევე, სამთავრობო მედიისა და ექსპერტების მიერ, თემურ ჭყონიას წინააღმდეგ აგორებულია ჰომოფობიური შინაარსის კამპანია „მაკდონალდსის“ სასაჩუქრე წიგნის გამო. „მაკდონალდსის“ ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ბედნიერი მკითხველების“ პროგრამის ფარგლებში, Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუში ბავშვებს სთავაზობს „პატარა ადამიანები, დიდი ოცნებები“ სერიის წიგნებს, რომლებიც გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ბროშურა ეძღვნება მუსიკოსებს — არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს. ამ უკანასკნელის ბიოგრაფიაში წერია, რომ „დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი