რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
უწყების განცხადებით, ახალგაზრდული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდება. პროგრამა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებას მოიცავს:
“ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენის, სიახლეების დანერგვის მეტ საშუალებას.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის და კაფე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარია” ,– აცხადებენ სამინისტროში.