ახალი ამბები

პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით სადავო კანონპროექტი მიიღო

22 ივნისი, 2021 • 1001
პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით სადავო კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პარტია, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც არ გამოიყენებს, სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს პარლამეტმა მესამე მოსმენით დღეს, 22 ივნისს, დაუჭირა მხარი.

ცვლილებების პაკეტი “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა, რომელიც პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა/შეჩერებას შეეხება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტია არჩევნებში მიღებულ საპარლამენტო მანდატებს ნახევარს მაინც არ იყენებს.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

ამ დროისთვის მხოლოდ ლეიბორისტული პარტია აცხადებს უარს საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე. სხვა საპარლამენტო პარტიებიდან არჩეული დეპუტატბის ნაწილმა მანდატებით ისარგებლა.

ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. თუკი პარტიას კანონის ამოქმედებისას ეს მანდატი შეწყვეტილი ექნება, მაშინ მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.

“ოცნების” კანონპროექტი ლეიბორისტებს დაფინანსების გარეშე ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი