ახალი ამბები

მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილებები 2022 წლამდე ხანგრძლივდება

21 ივნისი, 2021 • 1021
მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილებები 2022 წლამდე ხანგრძლივდება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომელიც მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივებას 2022 წლის პირველ იანვრამდე ითვალისწინებს.

კანონპროექტის განხილვა დღეს, 21 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე გაიმართა.

მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის პირველი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.

„კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველადაა აუცილებელი, საჭიროა აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2021 წლის პირველი ივლისის შემდეგაც გარკვეული დროით“, – განაცხადა ვადიმერ კახაძემ.

კანონპროექტს ეხმაურება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტიტუტი(IDFI). ორგანიზაციის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ადამიანის ძირითადი უფლებათა შესაძლო დარღვევებზე, ისევე როგორც მათი დაცვის პროცესუალური თუ მატერიალური მექანიზმების გაძლიერებაზე სრულფასოვან საპარლამენტო მსჯელობას.

“უკანასკნელი პერიოდში გამოიკვეთა კოვიდ რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების არაერთი პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომენდანტის საათი, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილებების მიუხედავად 8 თვეა უწყვეტად მოქმედებს. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა გადაადგილების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. ამ რისკებს განსაკუთრებით აძლიერებს მთავრობისთვის გადაცმული უფლებამოსილების ფარგლები და მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ასევე, შესუსტებული საპარლამენტო, სამოქალაქო თუ სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე”, – აცხადებს IDFI.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და ჩაატაროს სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა. იმსჯელოს მთავრობის მიერ პანდემიის სამართავად განხორციელებული ღონისძიებების პროპორციულობისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის პრევენციული მექანიზმების გაძლიერების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი