ახალი ამბები

პანდემია და სტრესი — რით ხსნის ჟვანია საარჩევნო მოხელეების შეცდომებს

21 ივნისი, 2021 •
პანდემია და სტრესი — რით ხსნის ჟვანია საარჩევნო მოხელეების შეცდომებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს კომპლექსური მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ძირითადი მიზეზი კოვიდპანდემია იყო.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ იმ შეცდომების ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს პანდემია — ამ ადამიანებს მოუწიათ მუშაობა არაორდინალურ პირობებში. ეს იყო ხელთათმანებით, პირბადეებით, სახის ფარებით, დაცვის საშუალებებით, პერიოდული წმენდებით… უამრავი დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა საარჩევნო პროცესში და პანდემიასთან დაკავშირებული წესები ისედაც დატვირთული საარჩევნო პროცედურების თანმხლები გახდა.

მეორე ფაქტორი იყო უდიდესი სტრესის პირობებში მუშაობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ძალიან უჭირთ პროცესი, როდესაც მათ უწევთ უდიდესი ზეწოლის, მოთხოვნების ქვეშ მუშაობა. პრაქტიკულად, მათ არა აქვთ კომფორტის ზონა. ეს არის ორგანიზაციული პრობლემებიც კი, ვინაიდან გვქონია უბნები, სადაც 20 კვადრატში არის განთავსებული 12-წევრიანი შემადგენლობა და იმას ემატება წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების შემადგენლობა.

ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ემატება, შეიძლება, პოლიტიკური ინტერესი, პირადი ინტერესი და ამ ადამიანებს ძალიან რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ასევ, ჟვანიამ ისაუბრა ტრენინგებზე არასრულყოფილად დასწრებისა და დატრენინგებული პარტიული წევრების შეცვლის პრობლემებზე.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვის ნაწილს დღეს ასრულებს, დასკვნის წარდგენას კი ივლისში გეგმავს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, საგამოძიებო პროცესში გამოიკვეთა, რომ “დაშვებული შეცდომები არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა შედეგებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებასთან”.

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი