ახალი ამბები

გირჩელები ზურა ჯაფარიძის გამო პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან

21 ივნისი, 2021 • 9647
გირჩელები ზურა ჯაფარიძის გამო პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან

“გირჩის” წევრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც  „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილებოდა.

პარტია “მოქალაქეების” ინიციატივის საფუძველზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეუძლია. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ აქვთ.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ვინაიდან “გირჩის” სიით პარლამენტში გასული ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების” ჯგუფს შეუერთდა, პარლამენტის რეგლამენტი “გირჩის” დანარჩენ წევრებს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევს.

“კანონი გულისხმობს, რომ პარტია, რომელიც ქმნის საპარლამენტო ჯგუფს, მისი სხვა წევრი უკვე რომელიმე ფრაქციაში არ უნდა იყოს გაწევრიანებული. ამ შემთხვევაში ამ პარტიის სიით გასულ დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს უკვე ფრაქცია აქვს შექმნილი და სხვა ფრაქციის წევრია. ჩანაწერიდან გამომდინარე, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ რეგისტრაციაზე მივცეთ თანხმობა”, — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადების პასუხად “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი პარტიიდან მხოლოდ ერთი კაცი გავიდა და არა რამდენიმე წევრი და არც ფრაქცია შეუქმნიათ “გირჩიდან” გასულ წევრებს. გარდა ამისა, ხვიჩია ამბობს, რომ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, “გირჩს” პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება აქვს.

“2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიით წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ზოგადად, ამბობს, რომ მაგალითად, “ქართულ ოცნებას” ორი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არ შეუძლია. ამასთანავე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში, არ აქვთ უფლება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.

მე ზოგადად, ეს ჩანაწერი მესმის შემდეგნაირად: თუ ერთხელ ფრაქცია გაქვს შექმნილი, მაგალითად, “შარლ მიშელის ფრაქციას” არ აქვს უფლება შექმნას “შარლ მიშელის ჯგუფი”, რომ გაორება არ მოხდეს. ეს პუნქტი, რომელსაც ჩვენ გვახებენ, სინამდვილეში ამის დამზღვევია.

ისეც რომ განვმარტოთ, როგორც ეს [ირაკლი ქადაგიშვილმა] განმარტა, ნებისმიერ შემთხვევაში წერია, რომ იგივე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი უნდა ჰქონდეთ ფრაქცია. არც წევრები არ გასულან, ერთი წევრია ჩვენგან წასული და არც წევრებს არ შეუქმნიათ ფრაქცია. ჩემი აზრით, სულ სხვა რამე წერია ამ ნორმაში და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ ეს ნორმა მოიყვანეს ჩემს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ეს ამბავი პოლიტიკური პროცესია, რა კონტექსტის გათვალისწინებით მომზადდა ეს თემა და, შესაბამისად, თუ თვქენ ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიების გარეთ გატანა გაწყობთ, მე ამ დისკუსიას ათიდან ათ შემთხვევაში მოგიგებთ. შავით თეთრზე წერია, რომ თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, მე ამაში ხელი შემიშალოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას დაეთანხმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებების  შეტანის მიზანი სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა “გირჩსა” და “მოქალაქეებს” შეძლებოდათ.

მაჭარაშვილის თქმით,  არსებული სამართლებრივი ხარვეზის გამო კანონმდებლის მიზანი არ უნდა შეფერხდეს.

“იაგოს იმაში ვეთანხმები, რომ ეს ინტერპრეტაცია შეიძლება გამოყენებული იყოს. ის დათქმა, რომ იმ შემთხვევაში არ შეუძლია პოლიტიკური ჯგუფს შექმნას პოლიტიკური ჯგუფი, თუ ფრაქცია შექმნილი აქვს უკვე პოლიტიკურ პარტიას.  ამ შემთხვევაში მთლად ვერ მოერგს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემთხვევას. თუმცა გარკვეული სამართლებრივი უხერხულობა შეიძლება არსებობდეს. კანონმდებლის ნება ეს არის ზუსტად, რომ ჩვენ დავუშვით პოლიტიკური ჯგუფების შექმნა როგორც მოქალაქეების ორკაციან ჯგუფზე, გირჩის სამკაციან ჯგუფზეც. ამიტომ, თუ რაღაც ტიპის სამართლებრივი ტექნიკური ხარვეზია, ამაზე ვიმუშაოთ. ეს საჯაროდ საპოლემიკო საკითხი არ არის”, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საბოლოოდ კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს არ მიიღო. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და განსახილველად კომიტეტის უახლოეს სხდომაზე გავა.

პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი