ახალი ამბები

“გილეადმა” საქართველოს რემდესივირის 10 000 ფლაკონი აჩუქა — ცერცვაძე

20 ივნისი, 2021 • 1481
“გილეადმა” საქართველოს  რემდესივირის 10 000 ფლაკონი აჩუქა — ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “Gilead”-მა საქართველოს უფასოდ გადმოსცა მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი, რომლის ღირებულებაც დაახლ. $4 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, აღნიშნული მარაგი საქართველოს ჯანდაცვას “COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში” დაეხმარება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ 2020 წლის დეკემბერში ინდოეთისგან შეიძინა რემდესივირის 4 000 ფლაკონი. შემდგომ ეს მარაგი ამოიწურა და ინდოეთში არსებული მძიმე ეპიდვითარაბიდან გამომდინარე ამ სახელმწიფოსგან მედიკამენდის ყიდვა ვეღარ მოხერხდა.

“…ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „Gilead“-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში”, — წერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 20 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი სიტყვებით, “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით” კომპანიამ გადაწყვიტა, გამონაკლისის სახით, უფასოდ მოეწოდებინა ქვეყნისთვის უშუალოდ მათი წარმოების ბრენდული რემდესივირი.

ცერცვაძის ინოფრმაციით, მედიკამენტი უკვე თბილისშია.

COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება/არგამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან მალევე დაიწყო დისკუსია. ამ პრეპარატის გამოყენებას იმთავითვე ემხრობოდა თენგიზ ცერცვაძე.

“საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა”, — აღნიშნავს ის ზემოხსენებულ პოსტში.

ამ საკითხზე, გასული წლის ბოლოს, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც შეეწინააღმდეგა რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ.

მეორე მხრივ, აშშ-ში დათანხმდნენ ამ მედიკამენტის გამოყენებას აღნიშნული ვირუსის მკურნალობის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი