ახალი ამბები

მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11 მილიონის გადახდას გეგმავს

19 ივნისი, 2021 • 2657
მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11 მილიონის გადახდას გეგმავს

თბილისის მერია გეგმავს, რომ ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი გადაიხადოს. შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები 510 კალენდრულ დღეში უნდა დაასრულოს. ამასთანავე, მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

წინადადებების მიღება 2 ივლისს იწყება და 7 ივლისის 17:30 საათამდე გასტანს.

სატენდერო განცხადების (NAT210010866) თანახმად, პროექტი დაყოფილია ოთხ ბლოკად, რომელიც თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა:

ა) წყალმომარაგების სისტემა, რომელიც შედგება პირველი სამი ბლოკისგან; ბ) ვაკის პარკის შადრევნები, რაც გულისხმობს: 1. მრგვალ შადრევანს; 2. მცირე კასკადს; 3. ოვალურ შადრევანს; 4. კასკადურ შადრევანს; 5. ერთიანი მართვის ოფისის შენობას.

„არსებული კასკადი და შადრევნები აღდგება პირვანდელი ვიზუალით. კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბი სადგური ჩანაცვლდება ახალი სადგურით, თანამედროვე ტუმბოებით, ელ. გაყვანილობით, ჩამკეტი ურდულებით, წყლის გამანაწილებელი კოლექტორებითა და მართვის პულტით; ელ. მომარაგებისთვის საჭირო პროექტით მომზადება და პრინციპული სქემების
შედგენა, კასკადის ერთიან მართვასთან დაკავშირებით.

ყველა შადრევანი ერთიანი ავტომატური მართვის სისტემის საშუალებით უზრუნველყოფს ცენტრალური სააპარატოდან კონტროლს, ასევე დისტანციურ მართვას,“ – წერია პროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი