ნეტგაზეთი | პროკურატურა 7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა 7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს – Netgazeti
RU | GE  

პროკურატურა 7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს ორი პირისთვის, რომლებიც 7 წლის ბავშვის წამების ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე 18 ივნისს ბავშვის დედა და მისი ქმარი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ:

„ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას – სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია,“. 

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულია დედა და მისი ქმარი, რომლებიც 7 წლის ბავშვს აწამებდნენ – შსს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან