ახალი ამბები

დაკავებულია დედა და მისი ქმარი, რომლებიც 7 წლის ბავშვს აწამებდნენ – შსს

19 ივნისი, 2021 • 4786
დაკავებულია დედა და მისი ქმარი, რომლებიც 7 წლის ბავშვს აწამებდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია დედა და მამინაცვალი, რომლებსაც ბრალად 7 წლის ბავშვის წამება ედებათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს დასჯის მიზნით აწამებდნენ – „რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს,“.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საქმის შესახებ პირველად სიუჟეტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა. როგორც „ფორმულა“ აცხადებს, ჟურნალისტებს ოჯახის ნაცნობებმა ფოტოები მიაწოდეს. ამ ფოტომასალაში ბავშვის სხეულზე არსებული არაერთი დაზიანება ჩანდა, მათ შორის, სავარაუდო დამწვრობები.

ჟურნალისტები საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე აცხადებენ, რომ წყვილი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, ხოლო ბავშვზე ძალადობის ფაქტების ადგილი მანამდეც ჰქონდა. წყარო „ფორმულას“ უყვება, რომ ბავშვი სკოლაში არ დადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი