ახალი ამბები

2020 წელს დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის 253 შემთხვევა გამოიკვეთა — პროკურატურა

18 ივნისი, 2021 •
2020 წელს დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის 253 შემთხვევა გამოიკვეთა — პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციას  შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების ანგარიშებში ასახვის თაობაზე.

ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა მდგომაროების შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს განიხილავენ.

“დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა სისხლის სამართლის საქმეებში წლების განმავლობაში იყო გამოწვევა. თუმცა ძალისხმევის გაწევის შემდეგ, დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის ბევრად მზარდი რიცხვებია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში წლების მიხედვით.  შარშანდელი წელი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არ არსებობდა ერთიანი სტატისტიკა, სეგრეგირებული მონაცემები დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და უწყებები სხვადასხვა მონაცემებს გავცემდით. ამის საპასუხოდ გაფორმდა მემორანდუმი შსს-ს, პროკურატურას, უზენაეს სასამართლოს და საქსტატს შორის და შევთანხმდით ძალიან დეტალური სტატისტიკის წარმოებაზე და გაცვლაზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით”, — განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

გენერალური პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, 2020 წელს დისკრიმინაციის ნიშნით დევნის დაწყებისა და ძალადობრივ საქმეებში დისკრიმინაციის ნიშნის გამოკვეთის 253 შემთხვევა გამოიკვეთა, აქედან ყველაზე მეტი არის გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი