ნეტგაზეთი | ბერა-ღარიბაშილის ჩანაწერის შინაარსის ცვლილებაზე პროკურატურის განცხადება აბსურდია — მელაძე ბერა-ღარიბაშილის ჩანაწერის შინაარსის ცვლილებაზე პროკურატურის განცხადება აბსურდია — მელაძე – Netgazeti
RU | GE  

ბერა-ღარიბაშილის ჩანაწერის შინაარსის ცვლილებაზე პროკურატურის განცხადება აბსურდია — მელაძე

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აბსურდულს უწოდებს პროკურატურის ბრალდებას. რომ ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გაყალბებულია.

“ეს ჩანაწერები რა ფორმითაც მივიღეთ ინფორმირებული წყაროსგან, შესაბამისად, ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადდა რეპორტაჟიც. ჩანაწერებს თუ მოუსმენთ,  იქ შინაარსის წყვეტა ან მსგავსი რამ არ არის. შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადება, რა თქმა უნდა, აბსურდია. სხვას არც არაფერს ველოდით”, — უთხრა მელაძემ ნეტგაზეთს.

დღეს, 18 ივნისს, პროკურატურამ მარტში “ტვ პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერების საქმეზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე ინფორმაცია გაავრცელა. საქართველოს მთავარი პროკურატურა ირწმუნება, რომ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ 2012 წლამდე, ასევე, მათი აუდიოჩანაწერები არის ფალსიფიცირებული იმგვარად, რომ შეცვლილია რეალური საუბრის შინაარსი და ის აწყობილია ათეულობით სხვადასხვა საუბრიდან.

პროკურატურა ადასტურებს, რომ ბერას დაცვის თანამშრომლებიც კომენტარის ავტორებს სახლებში ნამდვილად აკითხავდნენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან ძალადობა ან მუქარა არ ყოფილა.

“სხვა მოლოდინი არც არავის ჰქონდა, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე ან მის გარემოცვაზე სხვა სახის შუალედურ შედეგებს გამოაქვეყნებდა. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის კონტროლის ქვეშ მყოფი უწყებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროკურატურის აღიარება, რომ ბერა ივანიშვილის დავალებით არაუფლებამოსილი პირები არასასურველი კომენტარების ავტორებს უბან-უბან ეძებდნენ და ამ ჩანაწერებში კარგად ისმის, შემდეგ რა ბედიც ეწიათ ამ ადამიანებს.

რა უფლებამოსილება ჰქონდათ ამ ადამიანებს, მსგავსი სახის შეხვედრები მოეწყოთ, შეხვედრები კი არა ე.წ. რაზბორკები. თუ ბერა ივანიშვილის მიმართ კანონის სავარაუდო დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ პოლიციას რატომ არ მიმართავდნენ. ასე რომ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა… უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანი იყო პროკურატურის დადასტურება, რომ ბერა ივანიშვილის დავალებით ადამიანები უბან-უბან დადიოდნენ, რაც მნიშვნელოვანი აღირებაა მათი მხირდან”, — აცხადებს მელაძე.

საქმე ეხება ტვ “პირველის” ეთერში 2021 წლის მარტში გასულ აუდიოჩანაწერს, სადაც ისმის ბერას, ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი, სადაც ისინი განიხილავენ, თუ რა ფორმებით დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს უწერენ.

ამას გარდა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეთერში გასული ჩანაწერებში მონტაჟის შედეგად შეცვლილია შინაარსიც.

ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია — პროკურატურა ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.