ახალი ამბები

ომბუდსმენი შსს-სგან პრაიდის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას ელის

18 ივნისი, 2021 • 989
ომბუდსმენი შსს-სგან პრაიდის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას ელის

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა წლების განმავლობაში, “პრაიდი” უსაფრთხოდ რომ ჩატარებულიყო.

“ბოლო წლებია, ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს ხელი ეშლებათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების — შეკრების და გამოხატვის თავისუფლების — რეალიზებაში. მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველსი თქმით, არ შეიძლება, ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს საფრთხე.

“თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებენ პრევენციისთვის სამართალდამცველი ორგანოები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. მით უმეტეს, რომ საფრთხეების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში პრევენციული ღონისძებების გატარება უფრო მეტად რეალისტურია, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზღუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას”, — განაცხადა ლომჯარიამ.


“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 17 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი აზრით, „თბილისის პრაიდის“ ჩატარებას უარი უნდა ეთქვას.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, განაცხადა:

„მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სრულ კონტექსტში.

ორი დღით ადრე, 15 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდა, „მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი“.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით. უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

„სირცხვილია კონსტიტუციის ასეთი ფეხქვეშ გათელვა“, – ასე გამოეხმაურა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი