ახალი ამბები

სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა უმძიმესი იყო — ლომჯარია

18 ივნისი, 2021 • 1762
სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა უმძიმესი იყო — ლომჯარია

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა უმძიმესი იყო.

ომბუდსმენის თანახმად, კვლავ პრობლემა იყო პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, პანდემიის ფონზე კი  უფრო მწვავედ გამოვლინდა მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო პერსონალის სიმცირე.

“2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ  18 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.

სახალხო დამცველმა ისაუბრა პაციენტთა მდგომარეობის გაუარესებაზეც.

“პანდემიამ ძალიან დაამძიმა ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა და ჯანდაცვის უფლების რეალიზაციის კუთხითაც უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. პრობლემური იყო პაციენტთა უფლების დაცვის არაეფექტიანობა, განსაკუთრებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და მკურნალობის შემთხვევებში და ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტთა გარდაცვალებები ამის გამო. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა და გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი