ახალი ამბები

UEFA: ნაკრებებს სპონსორებზე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები შევახსენეთ

17 ივნისი, 2021 • 1219
UEFA: ნაკრებებს სპონსორებზე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები შევახსენეთ

კრიშტიანუ რონალდუსა და მის შემდეგ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მიერ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლის გადადების შემდეგ UEFA საფეხბურთო ნაკრებებს ახსენებს, რომ ტურნირის სპონსორების წინაშე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები აქვთ.

რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა. მოგვიანებით „კოკა-კოლამ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „კოკა-კოლას“ ბოთლი კიდევ ორმა ფეხბურთელმა გადადგა, — იტალიის ნაკრების წევრმა მანუელ ლოკატელიმ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ.

კომპანია „კოკა-კოლა“ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია.

17 ივნისს UEFA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს: „UEFA შეახსენებს მონაწილე გუნდებს, რომ პარტნიორობა ტურნირის ჩატარებისა და ევროპის მასშტაბით ფეხბურთის, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების ფეხბურთის, განვითარების განუყოფელი ნაწილია“.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დირექტორმა მარტინ კალენმა განაცხადა, რომ სპონსორების შესახებ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დაცვა ტურნირის რეგულაციების ნაწილია, რაც ეროვნულ ფედერაციებზე ვრცელდება.

უეფას არ დაუკისრებია ჩამოთვლილი ფეხბურთელებისთვის რაიმე პასუხისმგებლობა. კალენმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სანქციის დაკისრება ფედერაციების კომპეტენციაშია და უეფა პირდაპირ ვერ დააჯარიმებს მოთამაშეებს.

თუმცა მან მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში დაჯარიმება არ გამორიცხა:

„გვაქვს რეგულაციები, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი მონაწილე ფედერაციებს. ჩვენ მათ გავახსენეთ თავიანთი ვალდებულებები, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაჯარიმება ყოველთვის რჩება შესაძლებლობად“, – განაცხადა მარტინ კალენმა.

კოკა-კოლას ბოთლი მაგიდიდან კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გადადგა

რონალდუმ „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შეამცირა

მასალების გადაბეჭდვის წესი