ახალი ამბები

„ძალა ერთობაშია“ – ბორჯომში უკრაინელი და ქართველი მოზარდებისთვის ბანაკი მოეწყო

29 ივნისი, 2022 • 950
„ძალა ერთობაშია“ – ბორჯომში უკრაინელი და ქართველი მოზარდებისთვის ბანაკი მოეწყო

ბორჯომში უკრაინიდან ლტოლვილი და საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ მოეწყო. ბანაკი „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ და ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორმა ეგორ კუროპტევმა გასულ წელს შექმნეს.

ბანაკის თითო ჯგუფში 12-15 წლის 12 მოზარდი მონაწილეობს. მიმდინარე წელს „ძალა ერთობაშია”, ჯამში, 5 ჯგუფს უმასპინძლებს, რომელთაგან სამიც უკრაინელი ლტოლვილებით იქნება დაკომპლექტებული.

“ნეტგაზეთი” ბანაკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ქაცარავას ესაუბრა. მისი თქმით, მოზარდების მოძიებაში დაეხმარა საქართველოში უკრაინის საელჩო. ასაკობრივი ჯგუფის შერჩევისას კი, ქაცარავას თქმით, ბანაკის დამფუძნებლებმა გაითვალისწინეს, რომ მოზარდების ეს ჯგუფი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ:

“ეს არის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ყველაზე დიდი წნეხის ქვეშაა, ყველაზე მეტად განიცადეს ეს ტრაგედია, რაც მოხდა, რადგან უკვე სრულად აცნობიერებენ ყველაფერს.

ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილები არიან ბანაკით, ყველაფერი მოსწონთ და დიდი სიხარულით არიან ჩართული ყველა აქტივობაში”, – განმარტა ქაცარავამ.

რაც შეეხება ბანაკის აქტივობებს, ქაცარავას თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ჯომარდობაში, ლაშქრობაში, კემპინგში, ექსკურსიებით, კლდეზე ცოცვით, გასართობი და საგანმანათლებლო პროგრამებით და სხვა სპორტული აქტივობებით.

ქაცარავას თქმით, ამ ეტაპზე ბანაკში ბავშვებთან კომუნიკაცია ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენაზე აქვთ სპეციალურად გადამზადებულ ჯგუფის ლიდერებს და ინსტრუქტორებს. ამასთან, მისი თქმით, ბანაკში დაემატება ფსიქოლოგიც, რომელიც ბავშვებთან კომუნიკაციაში ჩაერთვება.

„ძალა ერთობაშია“ გასულ წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ბენეფიციართა კატეგორია განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდებით. ხოლო წელს მათ დაემატნენ უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებიც. უკრაინელი მოზარდი ლტოლვილებით დაკომპლექტებული 3 ჯგუფის შემდეგ ქართველი ბავშვების ორი ჯგუფიც ჩაერთვება.

ქაცარავას თქმით, ბანაკს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” აფინანსებს.

ფოტო: Rafting.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი