კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „კოკა-კოლას“ ბოთლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, იტალიის ნაკრების წევრმა მანუელ ლოკატელიმ გადადგა.
ლოკატელიმ იტალია-შვეიცარიის მატჩის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და წინ წყალი დაიდო.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა, კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, იტყობინება „გარდიანი“.
უნგრეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდუს წინ იდგა „კოკა-კოლას“ გაზიანი სასმელი, რომელიც გვერდზე გადადო, შემდეგ კი ხელში წყლის ბოთლი დაიჭირა და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.
ცოტა ხანში კომპანიის ერთი აქციის ფასი 56,10 აშშ დოლარიდან 55,22 დოლარამდე დავარდა. „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულებამ კი 242 მილიარდიდან 238 მილიარდ დოლარამდე იკლო.
კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. სამშაბათს „კოკა-კოლამ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.