ახალი ამბები

რონალდუმ „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შეამცირა

16 ივნისი, 2021 • 4354
რონალდუმ „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულება 4 მილიარდით შეამცირა

მას შემდეგ, რაც პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადო და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა, კომპანიის აქციების საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, იტყობინება „გარდიანი“.

უნგრეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რონალდუს წინ იდგა „კოკა-კოლას“ გაზიანი სასმელი, რომელიც გვერდზე გადადო, შემდეგ კი ხელში წყლის ბოთლი დაიჭირა და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.

ცოტა ხანში კომპანიის ერთი აქციის ფასი 56,10 აშშ დოლარიდან 55,22 დოლარამდე დავარდა. „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულებამ კი 242 მილიარდიდან 238 მილიარდ დოლარამდე იკლო.

კომპანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია. სამშაბათს „კოკა-კოლამ“ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ყველას აქვს თავისი გემოვნება სასმელებში“ სხვადასხვა „გემოების და საჭიროებების მხრივ“.

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“ და მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. ამჟამად ის ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს. მას არაერთი გუნდური თუ პირადი ჯილდო აქვს მოგებული — მათ შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგა (5-ჯერ) და 5 „ოქროს ბურთი“ — პრიზი წლის საუკეთესო ფეხბურთელს. „ინსტაგრამზე“ რონალდოს თითქმის 300 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი