ახალი ამბები

კომინიკაციების კომისიამ “იმედი” და “მთავარი არხი” 2500 ლარით დააჯარიმა

17 ივნისი, 2021 •
კომინიკაციების კომისიამ “იმედი” და “მთავარი არხი” 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ეთერში პროდუქტის განთავსების წესის დარღვევის გამო “მთავარი არხი” და “იმედი” დააჯარიმეს. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს ჯარიმის მინიმალური ოდენობა — 2500 ლარი დაეკისრათ.

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წესების დარღვევით რეკლამა მაუწყებლებზე დღის ეთერში გავიდა. “მთავარის არხის” შემთხვევაში საუბარია 26 აპრილს, 07:56 საათზე გასულ გადაცემაზე, სადაც „ელიტ ელექტრონიკსის“ შესახებ სიუჟეტი გავიდა.

“4- წუთნახევრიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

რაც შეეხება „ტელეიმედს“, 2021 წლის 18 მაისს, 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე“ „ლილო მოლის“ შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. რეპორტაჟი ეხებოდა ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას, რომელიც მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე”, — აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებითვე, გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე, სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა კი მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა კანონი.

“გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხს“ 2021 წლის 4 თებერვალს, ხოლო „ტელეიმედს“ 2021 წლის 28 იანვარს წერილობითი გაფრთხილება მიღებული აქვთ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები 2500-2500 ლარით დააჯარიმა”,-ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი