ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფეთქებადი სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და თბილისის როლი ტყვეების დაბრუნებაში

16 ივნისი, 2021 • 2460
ფეთქებადი სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და თბილისის როლი ტყვეების დაბრუნებაში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და რაში მდგომარეობს იმ შეთანხმების არსი, სადაც ერთ-ერთი შუამავლის როლი საქართველომ შეასრულა?

12 ივნისის საღამოს ცნობილი გახდა შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დანაღმული ტერიტორიების რუკის გადაცემის სანაცვლოდ აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა. საუბარია დაახლოებით 97 ათას დანაღმულ წერტილზე აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი საზღვრის ტერიტორიაზე, აღდამის რაიონში.

ქართული მხრიდან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე აწარმოებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეთანხმების შუამავალი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი გახლდათ.

შეთანხმებამდე გარკვეული დროით ადრე, საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში, ასევე –  ანკარაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ცნობით კი, თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველომ შუამავლის როლი უფრო აქტიურად უნდა შეასრულოს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ არაოფიციალურად ეს როლი თურქეთმაც შეასრულა 

საქართველოს გააქტიურება ყარაბაღის ირგვლივ სიტუაციის დარეგულირების მიმართულებით, სულ მცირე, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, რაც ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური აქტორის მიერ იყო მხარდაჭერილი, რადგანაც ის პასუხობს პოლიტიკური ელიტის წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ პოტენციურად, რეგიონში დიალოგის წარმართვაში საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ცენტრალური როლი. თუმცა, როგორ უნდა მოხდეს დარეგულირება, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

არასტაბილური სტატუს-კვო საზღვარზე და მისი ეროზია

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 9 ნოემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთის შუამავლობით, ხელი მოეწერა “განცხადებას”, რომლის საფუძველზეც შეწყდა საომარი მოქმედებები. შეთანხმება ითვალისწინებდა, ასევე, აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის იმ ტერიტორიის გადაცემას, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ავტონომიიის გარეთ არსებობდა და რომელსაც სომხეთი სამი კვირის განმავლობაში, საომარი მოქმედებების დროს, აზერბაიჯანისგან იცავდა.

“განცხადებაში” ასევე ნახსენები იყო: კომუნიკაციების გახსნა, ტყვეების დაბრუნება, რუსეთის სამშვიდობო მისიის მოქმედებები და ა.შ.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, 10 დეკემბერს კიდევ ერთი “განცხადება” მიიღეს, რომლის საფუძველზეც სომხური ძალები გამოიყვანეს სასაზღვრო ტერიტორიებიდან, რის შემდეგაც სასაზღვრო ტერიტორიებად უკვე იქცა ქალაქები, კაპანი და გორისი.

აზერბაიჯანულმა ჯარებმა გადაკვეთეს ხაზი, რომელზეც საბჭოთა ტიპოგრაფიული რუკების შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარი არსებობდა. ამასთან, დაიკავეს 12 სახლი სოფელ შურნუხში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს გაფართოვდა და  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდა.

აზერბაიჯანის კონტროლქვეშ სულ გადავიდა დაახლოებით 8.55 ათასი კვ. კმ, რომლის 3.75 ათასი კვ. კმ საბრძოლო მოქმედებების დროს იყო დაკავებული. 4.8 ათასი კვ.კმ რუსეთის შუამავლობით სომხეთმა შერიგების ფარგლებში გადასცა. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანმა ძალიან სწრაფად აითვისა დაკავებული ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს დიდი და მცირე ტბა ალაგიოლი.

ამის შემდეგ სომხეთის მოქმედმა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ სიტუაცია მოგვარებულია; ჩააბარა ტერიტორიები  და ჯარები განრიგის მიხედვით გამოიყვანა. ბაქო უკვე საკუთარ თავს ვალდებულად აღარ მიიჩნევდა, შეესრულებინა შეთანხმების რომელიმე პუნქტი. სომხეთმა აზერბაიჯანს მალევე გადასცა ყველაფერი, აზერბაიჯანმა კი –  მხოლოდ მცირე ნაწილი ტყვეებისა. ასევე, სომხურმა მხარემ საჭიროდ არ მიიჩნია მთიანი ყარაბაღის ზონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ, ფაქტიურ საზღვართან დაკავშირებით, იმ ვარაუდით, რომ ეს უკვე “რუსეთის პრეროგატივა” იყო. მეტიც, რუსეთშიც ფიქრობდნენ, რომ მთლიანად აკონტროლებენ სიტუაციას და მათი პოზიციები იმდენად მყარია, რომ საკმარისი იქნება ამა თუ იმ სადვაო საკითხის გადასაჭრელად.

როგორც აღმოჩნდა, გათვლამ არ გაამართლა, რადგანაც სომხეთის სრულმა უუნარობამ და აზერბაიჯანის ძლიერმა შეტევამ, ასევე, რუსეთის მიერ საკუთარი ძალების გადაფასებამ და თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის სათანადოდ დაუფასებლობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო.  მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზზე დაიწყო ახალი სამშვიდობო პოსტების გამოჩენა, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალ საზღვარზე გაჩდნენ რუსი სამხედროები 102 ბაზის წარმომადგენლების სახით. არსებითად, სომხეთის სამხრეთით ახალი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება დაიწყო.

ამასობაში სომხეთი შიდა ბრძოლებმა შთანთქა, საზღვარი კი არ ყოფილა ახალი სამხედრო პოზიციებით აღჭურვილი. რაც თავის მხრივ სირთულეს წარმოადგენდა იმიტომ, რომ ახალი საზღვარი უფრო გრძელი აღმოჩნდა, სომხური არმიის შემადგენლობის რაოდენობა კი ომის შედეგად შემცირდა. შედეგად, საზღვარზე ინციდენტები გახშირდა.

მაისის შეტაკებები და მათი შესაძლო შედეგები

გაზაფხულისა და თბილი ამინდის დადგომისთანავე სომხური და აზერბაიჯანული სამხედრო მზაობისა და პოზიციების თანაფარდობა კვლავ უთანასწორო აღმოჩნდა. უკვე აპრილიდან აზერბაიჯანულ პრესაში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელებოდა “ზანგეზურში დაბრუნების აუცილებლობაზე” [სომხური პროვინცია სიუნიკის აზერბაიჯანული დასახელება], პირველი მაისიდან კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც აზერბაიჯანელები შავი ტბის რაიონიდან განცხადებას აკეთებდნენ, რომ ეს მათი მიწაა. 

12 მაისს სწორედ ამ მიმართულებით აზერბაიჯანულმა ჯარებმა დაიწყეს წინ გადაადგილება. სომეხი სამხედროები ამ რეგიონში არ ყოფილან, შედეგად, აზერბაიჯანელებმა 40 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. ასევე, აზერბაიჯანელებმა დაიწყეს გაადადგილება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სევანის ტბის მიმართულებით, სადაც წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ასევე რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში და დაიკავეს 100 კვ. კილომეტრი. აქ უკვე რამდენჯერმე მოხდა შეტაკება ხელჩართული ცემის სახით, მაგრამ გასროლის გარეშე.

მსგავსი შეტაკებების დროს მოკლეს ერთი ადამიანი და გაიტაცეს 7 სომეხი ჯარისკაცი, მათ შორის 6 – 27 მაისს. მათან ოთხი 12 ივნისს დააბრუნეს აზერბაიჯანთან შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს შუამდგომლობით. მომხდარში სომხეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა რუსეთი დაადანაშაულეს, რომელმაც სომხეთის საზღვრები ვერ დაიცვა, მოწინააღმდეგებმა კი- სომხეთის ხელისუფლება, რომელთაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ვერ დაამყარეს კავშირები რუს პარტნიორებთან ვითარების გასაკონტროლებლად. საბოლოოდ,  ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია დარჩა უცვლელი.

ვალდებულების მიუხედავად, დააბრუნოს ყველა სომეხი ტყვე, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ისინი სომხეთზე პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად გამოიყენოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა. მით უმეტეს, სომეხი ტყვეები აზერბაიჯანში უკვე 8 თვეა იმყოფებიან. შედარებისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ტყვეები საომარი მოქმედებებიდან სამი კვირის მანძილზე დაბრუნდნენ სახლებში.

აზერბაიჯანს ბევრი პოლიტიკური მიზანი აქვს, რომლის მიღწევასაც 200 სომეხი ჯარისკაცის ტყვედ შენარჩუნებითა და სომხეთის ტერიტორიების დაკავებით ცდილობს. მათ შორისაა სომხეთის შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენა, მოლაპარაკებათა ახალი პროცესის შექმნა და ყარაბაღის საკითხიდან სომხეთის ყურადღების გადატანა ახალ პრობლემებზე. ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვისაუბროთ აზერბაიჯანის მცდელობაზე, მიიღოს მაქსიმუმი იქამდე, სანამ სომხეთს პასუხის გაცემა არ შეუძლია.

აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების განნაღმვის საკითხი საკმაოდ მწვავეა, ვინაიდან ეს რეგულარულად იწვევს ადამიანურ მსხვერპლს. მეორე მხრივ, ამ ტერიტორიების სრულფასოვანი ათვისება განნაღმვის გარეშე შეუძლებელია. სომხეთს ასეთი თანამშრომლობის არანაირი ინტერესი არ აქვს, თუმცა ახლა იძულებულია ახალ დათმობებზე წავიდეს, მათ შორის დანაღმული ტერიტორიების რუკები აზერბაიჯანის გადასცეს.

სომხეთში ბევრი ელოდა ტყვეების გარკვეული რაოდენობის დაბრუნებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რადგანაც სწორედ ტყვეების დაბრუნების საკითხია ქვეყანაში ფაშინიანის კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ფაშინიანი ყველაფერზე წავა, რათა არჩევნაბამდე რაიმე შედეგი დადოს, გამართლდა. ამასთან, ვინაიდან ალიევისთვის ფაშინიანის ხელისუფლებაში დატოვება უფრო მეტად სასურველია, ვიდრე რობერტ ქოჩარიანის ხელისუფლებაში დაბრუნება, ასეთი თანამშრომლობისთვის მზად აღმოჩნდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია და საგარეო პოლიტიკური ფონი

ომის შემდეგ სომხეთში გადაჭარბებული მოლოდინები არსებობდა რუსეთის შუამდგომლობლობის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობდნენ, რომ რუსეთი მოკლე პერსპექტივაში მშვიდობის შეანრჩუნებას შეძლებს. ასევე არსებობდა მოლოდინები, რომ სომხეთი და ყარაბაღი ვეღარ დაკარგავენ ტერიტორიებს და სიტუაცია დაკონსერვდება 4.5 წლის განამვლობაში [დრო, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს მის ხელმეორედ გადახედვამდე]. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ აქამდე მომხდარი ფაქტები ამ მოლოდინისგან ძალიან განსხვავებულია.

სომხეთის პროდასავლური პარტიები მომხდარ მოვლენებს იყენებენ საბაბად, რომ სომხეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის აუცილებლობაზე განაცხადონ. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები, რომ რუსეთმა სპეციალურად დაუშვა მოვლენების ამგვარი განვითარება იმიტომ, რომ არჩევნებამდე ფაშინიანი დაასუსტონ. ქვეყნის პრორუსუსლი ძალები კი პირიქით, აცხადებენ,  რომ საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რადგან მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.

რაც არ უნდა იყოს, რუსეთის მხარდაჭერის დონე სომხეთის საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა, რაც გამოკითხვებიდანაც ჩანს. ამავე დროს, გაიზარდა საფრანგეთისა და აშშ-ის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, თუ გავითალისწინებთ საფრანგეთის საჯარო მხარდაჭერას სომხეთის მიმართ, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.

27 მაისს ფაშინიანი წინადადებით გამოვიდა, საზღვრის გასწვრივ რუსეთის, აშშ-ის ან საფრანგეთის წარმომადგენლები განთავსებულიყვნენ, რაც რეგიონში NATO-ს ჯარს კარს გაუხსნიდა. 1-2 ივნისს ფაშინიანი პარიზსა და ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპელებმა, სავარაუდოდ, თავად მიიწვიეს სომხეთ-აზერბაიჯანის დე ფაქტო საზღვარზე საფრანგეთის ან აშშ-ის ჯარების პოტენციურ განთავსებაზე სასაუბროდ.

სამხედრო ტყვეების დაბრუნებისა და პროცესში აშშ-ის აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით, რეგიონში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის სურათი იკვეთება. კერძოდ, ჩანს სომხეთისა და სომხეთის ხელისუფლების მზაობა, ამ ფაქტზე “ითამაშონ” და გააძლიერონ მოლაპარაკებების პოზიციები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

ყოველივე ეს გარკვეულ გეოპოლიტიკურ შტრიხებს სძენს წინაასარჩევნო პროცესს სომხეთში, ასევე, მორიგ ჯერზე ფეთქებადს ხდის სიტუაციას რეგიონში. აშკარაა, რომ რაც მეტი განსხვავებული ინტერესის მქონე მოთამაშეა გარკვეულ ტერიტორიაზე, მით მეტია რისკი მოულოდნელი შედეგებისა. შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოვლენების განვითარებას ჯერ ვერ ჩავთვლით დასრულებულად.

 სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის რეგიონის რუკა 

  • ნარინჯისფერი – მთიანი ყარაბაღის კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორია, რომელიც დღეს სამშვიდობო კონტინგენტის მოქმედების ზონაა; 
  • ლურჯი – ტერიტორია, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდან-9 ნოემბერის ჩათვლით აზერბაიჯანმა დაიკავა;
  • მუქი მწვანე – ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა ძირითადად, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სამხედროების გაყვანის შედეგად მიიღო; 
  • იასამნისფერი  – ლაჩინის კორიდორი, რომელიც სომხეთსა და მთიან-ყარაბაღს აკავშირებს და სპეციალური სტატუსი გააჩნია; 
  • ნაცრისფერი – სომხეთის ტერიტორიები საბჭოთა საზღვრებში, რომელიც აზერბაიჯანმა 2021 წლის 12-დან 27 მაისამდე დაიკავა; 

მასალების გადაბეჭდვის წესი