ახალი ამბები

უნდა უპასუხოს, თუ რატომ თამაშობდა სააკაშვილის თამაშს — კობახიძე გახარიაზე

31 მაისი, 2021 • 1561
უნდა უპასუხოს, თუ რატომ თამაშობდა სააკაშვილის თამაშს — კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ უნდა უპასუხოს კითხვას, “თუ რატომ თამაშობდა ის მიხეილ სააკაშვილის თამაშს”.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია და მისი ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ბიძინა ივანიშვილის პროექტია“?

აღნიშნულის პასუხად კობახიძე აცხადებს, რომ პირიქით, არსებობს ეჭვი, რომ გახარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „თამაშს თამაშობს“. მისთვის ამ ეჭვს კი ამძაფრებს 17-18 თებერვლის მოვლენები. კობახიძე გახარიას გადადგომას გულისხმობს მას შემდეგ, რაც სპეციალურმა რაზმმა მელიას დასაკავებლად ენმ-ს ოფისს შემოარტყა ალყა. გახარიამ მაშინ თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა ენმ-ის ლიდერის ამ ფორმით დაკავებას.

„თქვენ ხედავთ, ვინ „აპიარებს“ გიორგი გახარიას, ეს არის ძირითადად ორი ტელევიზია — „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქ არის ყველაფერი ნათელი. ნათლად იკითხება, თუ ვისთან ერთად არის გიორგი გახარია და ამძაფრებს ეჭვებს, რომლებიც დაკავშირებულია 17-18 თებერვალთან. რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში. პირველ რიგში, ამ მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა“, — აცხადებს კობახიძე.

კობახიძე შემდგომ განმარტავს, რომ გახარია იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე აქტიურად არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, „რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსნილი იმუნიტეტი, ყველას არწმუნებდა და იმ 6-მა დეპუტატმა, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს, მათ მხარი დაუჭირეს იმუნიტეტის მოხსნას. რატომ ითხოვდა ის ამას და შემდეგ მხარი დაუჭირა მელიას არდაკავებას?“.

„მე ვერ გეტყვით, ამ შეთქმულებაში ვერ შევალ. მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში. რატომ გააკეთა ეს — ნებსით თუ უნებლიეთ… ნებსით თუ უნებლიეთ ხდება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ მისი „გაპიარება“, ამ კითხვებზე თავად უნდა გასცეს პასუხი. ეს მაინცდამაინც აქტუალური არ არის ჩვენთვის, დაკარგა აქტუალობა. მით უფრო იმ უღიმღამო პრეზენტაციის მერე, რაც ჰქონდა 2 დღის წინ თუ გუშინ, აღარ მახსოვს. აქტუალური არ არის, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის მიღება აქტუალურია“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი