ნეტგაზეთი | იმედი გვაქვს, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება – ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმზე იმედი გვაქვს, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება – ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმზე – Netgazeti
RU | GE  

იმედი გვაქვს, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება – ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელის ფორუმში, რომელიც ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება.

ფორუმზე სიტყვით მიმართვისას ღარიბაშვილმა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება.

ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ არა მარტო საქართველო, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ.

“ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

“მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება.

მისი თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.

“ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი