ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოკითხულ პირს ბიძა ემუქრებოდა – პროკურატურა

12 ივნისი, 2021 • 1096
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოკითხულ პირს ბიძა ემუქრებოდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხულ გ.ჩ-ს ბიძას, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გ.ჩ-ს ბიძა, ჩ.გ 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. უწყების ინფორმაციით გ.ჩ დაზარალებულად არის ცნობილი და მის და ოჯახის სხვა წევრებს თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზეს.

“გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით ბრალდების მხარე ჩ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამასთან, პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გუშინ, 11 ივნისს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ემუქრებოდნენ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობით.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ ნეტგაზეთთან თქვა, მოწმეს ეუბნებოდნენ, რომ ის აღარც მედიაში უნდა გამოჩენილიყო და აღარც გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია და „სავარაუდოდ, ამ ადამიანს საცხოვრებელ ადგილს შეუცვლიან“, რასთან დაკავშირებითაც შსს-თან კომუნიკაცია უკვე შედგა – „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სჭირდება საჯაროდ ყვირილი, სხვანაირად სახელმწიფოს არ ესმის“.

„ემუქრებოდნენ კონკრეტული ტექსტებით, რომელმაც გააჩინა სიცოცხლის მოსპობის რისკიც კი. მუქარა შეიცავდა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაზიანებას“, – განაცხადა ნეტგაზეთთან ანა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი