ახალი ამბები

ხვალ არის პირველი შეხვედრა, მედიაცია არ იწყება – გოლეთიანი

11 ივნისი, 2021 • 3248
ხვალ არის პირველი შეხვედრა, მედიაცია არ იწყება – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხვალ, 12 ივნისს,  „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი არ დაიწყება და მხარეები თავიანთი პოზიციების დასაფიქსირებლად შეხვდებიან.

მისი თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება, დაიწყება თუ არა მედიაცია

“ხვალ არის პირველი შეხვედრა, მედიაცია არ იწყება, მხარეები დააფიქსირებენ თავ-თავიანთ პოზიციებს, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ზოგადად ჩართულობით იწყება პროცესი, თუმცა იმისთვის, რომ მედიაციის ნაწილში გადავიდეს საკითხი, ამას სჭირდება ,პირველ რიგში, შეხვედრა, სადაც ორივე მხარე პოზიციებს დააფიქსირებს. ამის შემდეგ გამოიკვეთება შესაძლებლობა იმისა, დაიწყება თუ არა მედიაცია. ჩვენ რა პირობებიც გვქონდა, საზოგადოებამ იცის, ამ ნაწილში უკომპრომისო ვართ, პირობები ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს თავად ხელისუფლება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რა ხდება?

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, — რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, — ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოში მედიატორი გამოგზავნა.

გაერთიანება აცხადებს, რომ მას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში. ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის ფონზე, რაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა მხრივ.

ბუშლეს მოწვევის მიზანია მხარეთა შორის მედიაცია და „აქამდე პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტისა და პროცედურის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შედარება“.

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი