ახალი ამბები

გოცირიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ კანონპროექტი ჯერ დაუწუნა, შემდეგ კი მოიპარა

11 ივნისი, 2021 • 1029
გოცირიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ კანონპროექტი ჯერ დაუწუნა, შემდეგ კი მოიპარა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს პლენარულ სხდომაზე უთხრა, რომ მის მიერ ინიცირებული კანონი ჯერ დაიწუნა, თუმცა შემდეგ სამინისტრომ კანონპროექტი მოჰპარა და ცვლილებები დაამტკიცა.

საუბარია მცირე ბიზნესის დაბეგვრის წესის ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 ათას ლარამდე, რაც მანამდე 100 ათასი ლარი იყო.

“მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენ მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემს ერთ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მცირე ბიზნესისთვის მინდოდა შეღავათი დამეწესებინა, რაზეც თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ჩვენს მწირ ბიუჯეტს. ეს ეხებოდა 100 ათასის ნაცვლად 200 ათას ლარამდე მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადებისგან. ეს თქვენ გახსოვთ. თუ გინდათ, მოგიტანთ თქვენს წერილს. გავიდა სამი თვე, მომპარეთ კანონი, შემოიტანეთ უკან და 200 ათასის ნაცვლად 500-მდე გაათავისუფლეთ ბიზნესი. დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით, რა თქმა უნდა, კარგი საქმე გააკეთეთ. გპირდებით, რომ ბევრ კანონს დავწერ, დავდებ და მოიპარეთ და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს, მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისთვის, არამედ 19%. ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდათ. 100 ათას ლარამდე დღგ-გან თავისუფალია ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. რამდენი დოლარი იყო მაშინ 100 ათასი ლარი.. ჩამოდნა 100 ათასი და დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 ათასით გათავისუფლებული, მაშინ რაღაც კატეგორიის ადამიანებს 1%-იანი დაბეგრვა მოუწევდათ ბრუნვიდან. დღეს კი 100 ათასიდან 400 ათას ლარამდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შეცდომის გამოსწორებას?”-განაცხადა გოცირიძემ.

დღეს, 11 ივნისს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი