ნეტგაზეთი | სრული კოშმარი გავიარე – ირინა ბაირამაშვილის ბრძოლა კოვიდთან მშობიარობამდე და შემდეგ სრული კოშმარი გავიარე – ირინა ბაირამაშვილის ბრძოლა კოვიდთან მშობიარობამდე და შემდეგ – Netgazeti
RU | GE  

სრული კოშმარი გავიარე – ირინა ბაირამაშვილის ბრძოლა კოვიდთან მშობიარობამდე და შემდეგ

35 წლის მომღერალ ირინა ბაირამაშვილს კორონავირუსი ორსულობის ბოლო კვირებში დაუდასტურდა და გართულებული ფორმის გამო კლინიკაში მოხვდა. ის იხსენებს, რომ ვირუსის გამოვლენის დასაწყისშიც და შემდეგაც იმედიანად იყო განწყობილი,  იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმძიმდებოდა. თუმცა “მთავარი ჯოჯოხეთი” ირინასთვის მშობიარობის შემდეგ დაიწყო – ფიქრობდა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი მდგომარეობა შემსუბუქდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა.

როგორ დაიწყო კოვიდი

თავიდან, როცა კორონავირუსი გამოჩნდა მსოფლიოში, დიდად არ მჯეროდა იმ ყველაფრის, რასაც ამბობდნენ, თუმცა საკუთარ თავზე გამოცდილმა საშინელმა დღეებმა დამაჯერა ამ ვირუსის არსებობდა, და თან როგორ…

ორსულობის 37-ე კვირაში ვიყავი, როდესაც ჩემს მეუღლეს სიცხემ აუწია.   მაშინვე კოვიდზე ვიეჭვეთ და ვუთხარი, რომ ტესტის გასაკეთებლად წასულიყო. სანამ მისი ტესტის პასუხი მოვიდოდა, საყიდლებზე ჩავედი მაღაზიაში და მეც ცუდად ვიგრძენი თავი: სახე გამიცხელდა, გული ამიჩქარდა, თავი ამტკივდა. თავიდან ვიფიქრე ორსულობის ან წნევის ბრალი იქნება- მეთქი.

სახლში დაბრუნებულმა წნევა გავიზომე, ნორმაში მქონდა. ამ დროს ჩემმა მეუღლემაც დარეკა და თქვა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მეც მაშინვე მივხვდი, ჩემი სიმპტომებიც კოვიდზე მიუთითებდა, ტესტი გავიკეთე და მართალი აღმოვჩნდი.

თუმცა დიდად არ შემშინებია, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ორსულებს შედარებით მარტივად გადაჰქონდათ კოვიდი და დარწმუნებული ვიყავი, ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. მით უფრო, რომ ზოგადად, იშვიათად ვხდებოდი ავად.

მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და დადასტურებიდან მეორე დღეს სახსრების ტკივილი დამეწყო. გინეკოლოგს დავურეკე და მითხრა, რომ ორსულობის გამო წამალს ვერ დამინიშნავდა. მირჩია, ბევრი სითხე დამელია და ოფლი მომედინა.

მესამე დღეს ისევ ამიწია სიცხემ და ხერხემალიც ამტკივდა… ასე ყოველდღიურად სხეულის სხვადასხვა ნაწილი მტკიოდა. უფრო და უფრო ვსუსტდებოდი. მეოთხე დღიდან მიჭირდა სითხის მიღება და ჭამა, მხოლოდ ძილი მინდოდა.

ამასობაში ჩემი მეუღლე მომჯობინდა, მეც ყოველდღიურად ველოდი, რომ მეორე დღიდან კარგად ვიქნებოდი, თუმცა უკვე სიარულიც მიჭირდა. არადა, ექიმმა მითხრა, რომ ბევრი უნდა მევლო სუფთა ჰაერზე. ეზოში ჩავედი, ბავშვის გასეირნება მინდოდა და ცოტა რომ გავიარე, სულ გავოფლიანდი, ქოშინი დამეწყო. მანდ მივხვდი, რომ რაღაც მჭირდა…

პარალელურად დამეწყო ხველაც. დავრეკე გინეკოლოგთან და ისევ იგივე მითხრა, წამლებს ვერ დაგინიშნავ, ბევრი სითხე დალიე და ოფლი მოიდინეო. ამ დროს უკვე ყველაფერი მტკიოდა, ვეღარ დავდიოდი, ვქოშინებდი, ბოლო ძალებს ვიკრებდი, უკვე შვიდი დღე იყო გასული და მეგონა, მალე კარგად გავხდებოდი, მაგრამ ღრძილები და თმის ღერებიც კი მტკიოდა.

ვგრძნობდი, სხეულს შიგნით თითქოს ადამიანი მეჯდა და მანადგურებდა, ყოველდღე რაღაც ორგანოს მაცლიდა. მეშვიდე დღეს, ისე, რომ აღარც გინეკოლოგთან და აღარც არავისთან დამირეკავს, ჩემს დას ვთხოვე, კლინიკაში წავეყვანე.

“პალატაში რომ შემოვიდოდა ექთანი ბევრი ნემსებით, უკვე ვიცოდი, რომ ჩემთან მოდიოდა”

დარწმუნებული ვიყავი, რომ კლინიკაში დიდი ხნით გაჩერება არ მომიწევდა და მხოლოდ სამი დღის სამყოფი ნივთები ჩავალაგე. მეგონა, გადასხმას გამიკეთებენ და მოვმჯობინდები-მეთქი. თან შვიდი დღე იყო უკვე გასული სიმპტომების გამოვლენიდან და ვფიქრობდი, რა უნდა მოხდეს-მეთქი.

შევედი თუ არა კლინიკაში, მივხვდი, რომ იქ სამი დღით არ ვიყავი მისული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი კლინიკა იყო, სუფთა და მოწესრიგებული, მედპერსონალიც ძალიან ყურადღებიანი, მაინც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდი და თავს ადვილად ვერ დავაღწევდი.

მახსოვს კლინიკაში ექთნები ჩაფხუტებით, სახე არ უჩანდათ, ერთმანეთში ირეოდნენ, იძახდნენ, “ადგილები არ არის, სხვაგან გადაიყვანეთ, იქ შეიყვანეთ”, ფილმის სამყაროში მეგონა თავი.

პალატაში რომ შევედი, სხვა ორსული დამხვდა. რაღაცებს მეკითხებოდა, მეც ვეკითხებოდი, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. სამი დღე თითქოს სიზმარში ვიყავი. მანამდე კლინიკაში მხოლოდ ორსულობის დროს მივდიოდი ხოლმე, ისე ავად არასდროს გავმხდარვარ, რომ კლინიკაში დარჩენა დამჭირვებოდა. როცა გავიაზრე, რომ სახლში დიდი ხანი ვერ მივიდოდი, ვერ ვნახავდი ჩემს უფროს შვილს და ქმარს, ძალიან დავისტრესე.

ირინას პალატა. ფოტო: ირინა ბაირამაშვილი

კათეტერი ჩამიდგეს, გულისცემას დღეში სამჯერ უსმენდნენ, მე ვერაფერს ვაკეთებდი, ვიწექი და ძირითადად მეძინა. მეუბნებოდნენ, ივარჯიშეო მაგრამ ვერ ვმოძრაობდი, ძალა არ მქონდა, პალატაშიც ვერ დავდიოდი. რაღაც კოშმარულ სიზმრებს ვნახულობდი, კლინიკის სუნიც მეზიზღებოდა.

პალატაში რომ შემოვიდოდა ექთანი ბევრი ნემსებით, უკვე ვიცოდი, რომ ჩემთან მოდიოდა.

შვიდი დღე გავატარე ამ პალატაში და 13 მაისს მშობიარობაც დამეწყო. ძალიან გამიხარდა, მეგონა, ვიმშობიარებდი და მაშინვე კარგად გავხდებოდი, ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა და 3 დღეში ჩემს შვილთან ერთად წავიდოდი სახლში.

ისეთი სიხარულით წავედი სამშობიარო ბლოკში, თითქოს კლინიკას ვემშვიდობებოდი.

“ერთდროულად მქონდა პოსტმშობიარობის და კოვიდის დეპრესია”

ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და კლინიკის არაკოვიდ განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა სამი დღე მაინც სჭირდებოდა, რომ ტესტი გაეკეთებინათ. მე სხვა პალატაში გადამიყვანეს და მანდ დაიწყო მეორე ჯოჯოხეთი.

მშობიარობის შემდეგ ყველა ანალიზი ცუდისკენ შეიცვალა. მათ შორის მომატებული იყო თრომბოციტებიც და ანტიბიოტიკები დამინიშნეს.

ერთდროულად მქონდა პოსტმშობიარობის დეპრესია და კოვიდის დეპრესია, საშინელება იყო, მაგრამ მაინც ყველაფერს ეგუება ადამიანი. ჩემთვის მთავარი საფიქრალი ბავშვის ჯანმრთელობა იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, ყოველ ღამეს ტირილში ვატარებდი. გაღიზიანებული ვიყავი. თან უფროსი შვილი მენატრებოდა, თან ახალშობილი, რომელიც 12 დღე არ მყავდა ნანახი.

ექთნებს ვთხოვდი ბავშვის ფოტოების გამოგზავნას, ისე მაინც რომ მენახა, როგორი იყო, როგორ იყო… არ ვიცოდი, რომელ ერთზე მენერვიულა.

ორსულობის დროს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება არ შეიძლებოდა და მშობიარობის შემდეგ წამიყვანეს მის გასაკეთებლად. ერთი სართული უნდა გამეარა, მაგრამ ისე დავიღალე, სულ გავოფლიანდი და მივხვდი, რომ ჯერ ისევ ცუდად იყო საქმე.

ირინას პალატა. ფოტო: ირინა ბაირამაშვილი

ყოველდღე ექიმებს ვუყურებდი თვალებში, რა იქნებოდა, როგორი ანალიზების პასუხები მექნებოდა. ერთ დღეს ექიმი შემოვიდა ჩემთან პალატაში და მითხრა, რომ ორმხრივი პნევმონია მქონდა. დამინიშნეს უამრავი ანტიბიოტიკი. ფაქტობრივად, სხეულზე ადგილი არ მქონდა, ყველგან ნემსებს მიკეთებდნენ. სრული კოშმარი გავიარე.

ამასობაში პალატაში მყოფი ორი გოგოც გაწერეს და მარტო დავრჩი. უკვე მეგონა, რომ კიდევ დიდი ხანი ვერ დავტოვებდი კლინიკას, მაგრამ რამდენიმე დღეში დამეწყო წინსვლა. გამოვცოცხლდი, წამოვჯექი, ჩემი კოვიდისტორიის წერა დავიწყე. მივხვდი, რომ ამ მონსტრს, რომელიც სულსაც ჭამდა და ხორცსაც, ნელ-ნელა მოვერიე.

ერთ დღესაც ექიმმა დამირეკა, შენი ანალიზები მოვიდა და იდეალურად გაქვს ყველაფერიო, ალბათ ორ დღეში ბავშვთან ერთად გაგწერთო. ვერ ვიჯერებდი… ის ორი დღე არ მეძინა, ერთი სული მქონდა, ჩემს შვილებს როდის ჩავეხუტებოდი.

მერე ექიმი შემოვიდა და მკითხა – “ბაირამაშვილი მზად ხარ?” სიხარულით გავვარდი კლინიკიდან, ექთნებს და ექიმებსაც კი ვერ გადავუხადე მადლობა, იმდენად მინდოდა მალე დამეტოვებინა ეს ჯოჯოხეთი.

ცოტა ქარიანი ამინდი იყო და გარეთ რომ გავედი, სახეში მაშინვე ჰაერი მომხვდა, პირველი შეგრძნება რაც მქონდა, თავბრუ დამეხვა, მეგონა, წავიქცეოდი. სახლში რომ მივედი ჩემს ოჯახთან, ჩემი ეზო და ყვავილები დავინახე, მაშინვე კარგად გავხდი. უკვე აღარაფერი მჭირდა.

შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილ მონსტრს ვებრძოდი და დავამარცხე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაწუხებს უძილობა, ხველა და ცოტა სისუსტეც. ფიზიკურად დავამარცხე, მაგრამ შინაგანად, შიშების სახით თავისი კვალი მაინც დატოვა…

გარეკანის ფოტო: fb/ირინა ბაირამაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი