ახალი ამბები

ლიეტუვა გააგრძელებს რუსული ოკუპაციის საკითხის წამოჭრას საერთაშორისო ფორუმებზე — ნაუსედა

10 ივნისი, 2021 • 823
ლიეტუვა გააგრძელებს რუსული ოკუპაციის საკითხის წამოჭრას საერთაშორისო ფორუმებზე — ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) ერთად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია.

EUMM-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტ ნაუსედას მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება.

პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით. დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები.

“ქართული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ 2008 წლიდან, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ბორდერიზაციას უზარმაზარი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს აღიარებს ამ ოკუპაციას და გააგრძელებს აღნიშნული საკითხის წამოჭრას საერთაშორისო ფორუმებზე”, – დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე.

მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი