ახალი ამბები

ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი – „ენკა“

9 ივნისი, 2021 • 978
ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი – „ენკა“

კომპანია „ენკა“ ადასტურებს, რომ „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდება, თუმცა, არა იმ პირობით, რომლის თანახმადაც ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში მიწა 99 წლით გადაეცემა.

პრემიერის შემდეგ, იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს ინვესტორთან, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების პირობები გაუმჯობესდეს:

„ეს, პირველ რიგში, ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება მიწის იჯარაში გადაცემის წლოვანობას“, — განაცხადა მან.

„99 წელი, მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს“, – განაცხადა თურნავამ.

რას ამბობს კომპანია?

ამაზე პასუხად ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ კომპანია „მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით“.

„სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რას ეხება მოლაპარაკებები, თუმცა ის მოჰყვა პრემიერი ღარიბაშვილის და ნათია თურნავას განცხადებებს მიწის გადაცემის ვადის შესაძლო ცვლილებაზე.

რას ამბობენ „მცველები“?

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუკი მთავრობის ახალი განცხადება გულისხმობს იმას, რომ პრობლემა მხოლოდ მიწის 100 წლით გადაცემაშია და თუ ეს რიცხვი შეიცვლება, პრობლემაც მოგვარდება, ეს ასე არ არის.

„თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ 100 [წელი] 49-ით გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა 9 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ფაქტია, რომ [მთავრობა] ამბობს, რომ [პროექტი] ასე ვერ გაგრძელდება. ახლა ზუსტად უნდა გავიგოთ, რა ცვლილებები [განიხილება]“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა 9 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე საპასუხოდ.

„რაც იკვეთება, არის ის, რომ არა აქვს გუნდს საერთო პოზიცია“, – თქვა გოლეთიანმა. „მათი ჭკუით, ყველაფერი კარგად იყო ამდენი ხანი. და თუ ახლა „პრობლემა“ ერქმევა საკითხს, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჯერ ვთქვათ ყველა პრობლემა და შემდეგ გვითხრან, რომელი პუნქტი კმაყოფილდება ამ პრობლემებიდან“.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა პრემიერის მხრიდან „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის აუცილებლობას ხაზი: „სასურველი იყო, რომ ჯერ ჩვენ შეგვხვედროდა, სრულ სპექტრს ვეტყოდით პრობლემებისას და ამის შემდეგ წასულიყვნენ და ემსჯელათ ინვესტორებთან“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი