ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ იხურება რძის ფერმები საქართველოში

11 ივნისი, 2021 • 9745
რატომ იხურება რძის ფერმები საქართველოში

რძის მწარმოებელი ფერმერების ნაწილი ფერმებს ან სრულიად ხურავს, ან საქონლის რიცხვსა და, შესაბამისად, რძის გამომუშავებას მინიმუმამდე ამცირებს.

მერძევეობის ფერმების მფლობელები აცხადებენ, რომ საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი წარმოების ხარჯების გაზრდა და ქართულ ბაზარზე ნატურალური ნედლი რძის შემცვლელის – იმპორტირებული რძის ფხვნილის დომინირებაა.

მათივე განცხადებით, ბაზარზე რძემჟავა პროდუქტების [მაწონი, არაჟანი, ხაჭო…] ფასი გაიზარდა, თუმცა ჩასაბარებელი ნედლი რძის ღირებულება იგივე დარჩა.

რას ამბობენ ფერმერები

მერძევეობის ფერმების მესაკუთრეები ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებენ, “რომ ბოლო ხანებში საგრძნობლად, 40-45 პროცენტით გაძვირდა ცხოველთა კვების ხარჯები, თუმცა ნედლი რძის ჩაბარების ღირებულება იგივე დარჩა.”

საკვების გაძვირების ძირითადი მიზეზი მზესუმზირისა და სოიოს შროტის გაძვირებაა, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებითა და მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირაზე ფასების ზრდითაა გამოწვეული.

“რძის თვითღირებულება ძალიან გაძვირდა. დაახლოებით 2.5-3 ტონა რძეს ვაწარმოებდი და ამჟამად ჩამოვედი 700 ლიტრ რძეზე. მყავდა სუფთა სისხლის ჰოლშტეინის საქონელი და იძულებული გავხდი, რომ დამეკლა და ხორცად გამეყიდა”, – აცხადებს რძის მწარმოებელი ფერმის, “შტორის” მფლობელი მამუკა კობახიძე.

მისი განცხადებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმების დიდი ნაწილი იხურება ან იძულებულია, რომ ზარალის შემცირების მიზნით, წარმოების მასშტაბები შეამციროს, არის ადგილობრივი ბაზრის რძის ფხვნილით გაჯერება.

“რძის ფხვნილი ურჩევნია რძის პროდუქტების მწარმოებლებს. ნედლ რძეს არანაირი შეღავათი არ აქვს. პირიქით, იზრდება ფასები, თუმცა რძის ფხვნილზე სუბსიდირება იყო და ზოგიერთმა კომპანიამ 2-3 წლის მარაგის დაგროვება შეძლო. რეალურად, მომხმარებლისთვის რძის პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, ხოლო ჩასაბარებელი რძის ღირებულება არ გაზრდილა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას მამუკა კობახიძე.

მისივე თქმით, ის, რომ ფერმების დახურვის მიზეზი შესაძლოა იყოს უშუალოდ ამ ფერმების მართვის პრობლემები, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ყველგან მენეჯმენტის ბრალიაო, ამბობენ. კარგი, ჩემთან არის, დავუშვათ, სხვა ფერმერებთანაც, მაგრამ ყველას ეს პრობლემა აქვს?! კი, ამბობენ, რომ მენეჯმენტის ბრალია, თუმცა ეს ასე არაა. ფხვნილის ფასში როგორ უნდა გაყიდო რძე”, – აცხადებს იგი.

ფერმების დახურვა მენეჯმენტის პრობლემას დაუკავშირა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა. BM-სთან საუბარში ხანიშვილმა განაცხადა, რომ მერძევეობის დარგი ქვეყანაში ძალიან კარგად ვითარდება და ამაზე მეტყველებს ახლად გახსნილი საწარმოების მაჩვენებელიც, ხოლო საწარმოების დახურვის მიზეზი მათივე მენეჯმენტის პრობლემებია.

ნეტგაზეთთან საუბრისას დახურვის მთავარ მიზეზად წარმოების ხარჯების გაზრდას ასახელებს “მწვანე რანჩოს” ადმინისტრაციაც, სადაც 80 სულამდე საქონელი ჰყავდათ.

“საკვები გაგვიძვირდა, მაგრამ რძე გაგვიიაფდა. ეგ იყო მიზეზი”, – აცხადებენ “მწვანე რანჩოში”.

ფერმის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სუფთა სისხლის ჰოლშტეინისა და შვიცის საქონელი დაკლეს, რადგან მათი შენახვა კიდევ უფრო დიდ ზარალთან იყო დაკავშირებული.

რა შეიძლება გაკეთდეს?

“ნედლ რძეზე რძის პროდუქტების საწარმოების მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია, იმიტომ, რომ  გასაღების ბაზარია არ არის მაღალი. ფაქტობრივად, წახალისებულია რძის ფხვნილის გამოყენება. მოსაფიქრებელია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ნედლი რძის მოხმარებას წაახალისებს”, – აცხადებს არასამეწარმეო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

მისი განცხადებით, დარგის ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება, შესაძლოა, სახელმწიფო შესყიდვები იყოს.

“მაგალითად, საბავშვო ბაღები. რატომ უნდა ყიდულობდნენ ისინი რძის ფხვნილისგან დამზადებულ რძეს?! ამ წუთში თბილისის ბაღებში რა რძეც მიეწოდებათ, არის ფხვნილისგან დამზადებული, მაშინ, როდესაც მაგალითისთვის ამერიკაში წახალისებული და სუბსიდირებულია ის, რომ ბავშვებს დღეში ერთი ჭიქა ნედლი რძე ჰქონდეთ, რადგან ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და პედიატრთა ასოციაციების რეკომენდაცია.

ჩვენთან ეს მაინც ხომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ ჯარში და პოლიციაში თუ არა, საბავშვო ბავშვებში მაინც ყოფილიყო ნედლი, ადგილობრივი რძე.

ამ გზით ბავშვთა სწორ კვებასაც შევუწყობდით ხელს და დარგიც გადარჩებოდა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას რუსუდან გიგაშვილი.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს წარმომადგენლები აპელირებენ, რომ სუბსიდირება საბაზრო ეკონომიკაში ვეღარ მოხდება, თუმცა, რეალურად, შესაძლებელია დარგის სხვაგვარი მხარდაჭერა.

“თუ ვამბობთ, რომ არ ვართ საბჭოთა კავშირი და უარს ვამბობთ სუბსიდიებზე, მაშინ ყველა დარგის სუბსიდირებაზე უარი უნდა ვთქვათ, მათ შორის- ვენახზეც. მერძევეობის ფერმერებს უჩნდებათ განცდა, რომ ამ ქვეყანაში სხვა დარგები, რომლებიც სასურსათო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, უფრო დაფასებულია, ვიდრე მათი საქმე.

ყველა ქვეყანაში სენსიტიური დარგია რძის წარმოება, ეს პრაქტიკები არსებობს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, სადაც შეძლეს ნედლი რძის შენარჩუნება”, – აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა დღგ-ს გადასახადის შემცირების საკითხიც.

სახელმწიფოს პოზიცია

ნეტგაზეთმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა კითხვებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგეგმებოდა თუ არა საქონლის საკვების, მზესუმზირისა და სოიოს შროტების სუბსიდირება, ან რძის მოხმარების წახალისებასა და მისი რაიმე ფორმით სუბსიდირება. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არცერთი მიმართულებით არ იგეგმება ნედლი რძის სუბსიდირება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე ვკითხეთ კომპანიებისთვის რძის ფხვნილის შესყიდვის ან სუბსიდირების პროგრამის შესახებ, სადაც სიტყვიერად დაადასტურეს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერთჯერადად მართლაც განხორციელდა “რძის ფხვნილის ერთჯერადი შეძენა, რომელიც გადაეცათ კომპანიებს”.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა პრინციპით შეირჩა ის კომპანიები, რომელთაც გადაეცათ რძის ფხვნილი, ასევე, რა რაოდენობის პროდუქცია მიიღეს მათ. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ასევე ფინანსთა სამინისტროსგან პასუხის მიღების შემდეგ, იგეგმება თუ არა რძის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება, მასალა განახლდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში 572.5 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, თუმცა საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით შეუძლებელია დადგინდეს, ამ რძის რა ნაწილი იყო ინდუსტრიული რძე, ანუ დიდ ფერმებში ნაწარმოები პროდუქცია, რომლითაც შესაძლებელია დამზადდეს რძემჟავა პროდუქტები და რა ნაწილს შეადგენდა მცირე შინამეურნეობებში მიღებული პროდუქცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი