ახალი ამბები

ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი მოიკითხოს თანაგუნდელებში — კობახიძე გახარიაზე

9 ივნისი, 2021 • 1646
ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი მოიკითხოს თანაგუნდელებში — კობახიძე გახარიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავისი განცხადებებით “უზრდელობაზე გადადის”.  ასე გამოეხმაურა კობახიძე გახარიას მიერ ტვ “პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან ყოფილ გუნდზე ისაუბრა და ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.

“როდესაც ადამიანს არ აქვს არგუმენტები და  კითხვებზე პასუხები, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე. უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან”, — განაცხადა კობახიძემ.

ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში არსებულ კორუფციულ რისკებზეც ისაუბრა. პასუხად კობახიძემ გახარიას გაუხსენა კორუფციასთან დაკავშირებით მისი ცნობილი გამონათქვამი —  “შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?” — და თქვა, რომ გახარიამ ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი თანაგუნდელებში მოიკითხოს.

“მან ისაუბრა კორუფციასა და ნეპოტიზმზე, თუმცა შემდეგ მოუწია უკან დახევა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში ამ კუთხით არ არსებობს. კორუფცია ყველა ქვეყანაში არის პრობლემა, მაგრამ რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ამაზე გვაქვს ჩვენ პოზიცია და მასაც ჰქონდა პრემიერობის დროს შესაბამისი პოზიცია და მას მოუწია თავისი გამონათქვამის დაკორექტირება.

კერძოდ, მან მოარგო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. თუ სადმე იყო ქართულ-ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში. ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა”, — განაცხადა კობახიძემ.

“შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?” – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი