პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.
“შერჩევითობის ნაწილში, თუ კომპანიებზეა საუბარი, გეტყვით, როგორ იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული. როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებას შემდგომ ერთ თვეში თუ ერთ კვირაში შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. მაგალითად, მეტალურგია… გეტყვით, რომ ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ მოსახლეობა, ვინც მუშაობს, შიგნით ჩაგვეტოვებინა და ინფექცია არ შეგვეტანა”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, სისტემური ინფრაქტრუქტურული პროექტები ერთი დღით არ გაჩერებულა.
“ამის შემდეგ გარკვეული კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან – ცემენტის წარმოება, არმატურის წარმობა თუ სხვა – თვითონ მოვიდნენ. ზოგიერთს არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვეო.
ასე იყო ეს გადაწყევტილებები მიღებული. რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, – განაცხადა გახარიამ, რაზეც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ სწორედ “ჯიგრულ პონტში” შერჩევაა კორუფცია.
“სიტყვაზე დამიჭირეთ, არა? მე არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ამის მაგალითებიც მოგვეცით”, – დასძინა მან.