ნეტგაზეთი | ვაშინგტონში აცრის მსურველებს ლუდს ან მარიხუანას აჩუქებენ ვაშინგტონში აცრის მსურველებს ლუდს ან მარიხუანას აჩუქებენ – Netgazeti
RU | GE  

ვაშინგტონში აცრის მსურველებს ლუდს ან მარიხუანას აჩუქებენ

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ალკოჰოლისა და კანაბისის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო პროგრამას „ჯოინთი აცრისთვის“, რომლის ფარგლებშიც ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ 21 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლებათ „ჯოინთი“ (თამბაქოსა და მარიხუანის ნარევი) უფასოდ მიიღონ, იტყობინება „ნიუ იორკ ტაიმსი“.

პროგრამა 12 ივლისამდე იმოქმედებს. „ჯოინთების“ გარდა, პროგრამის ფარგლებში უფასო ლუდს, ღვინოს ან კოქტეილსაც სთავაზობენ. შტატში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის შტატში მოსახლეობის 58 პროცენტს ვაქცინის ერთი, ხოლო 49 პროცენტს ორი დოზა აქვს მიღებული.

ვაშინგტონის შტატი არ არის ერთადერთი, ვინც ვაქცინაციის წახალისებისთვის ამ გზას მიმართა. არიზონის ერთ-ერთ კლინიკაში მოქალაქეებს ასევე სთავაზობდნენ უფასო „ჯოინთებს“ ვაქცინაციის სანაცვლოდ.

აპრილის შუა რიცხვებიდან აშშ-ში ვაქცინაციის მაჩვენებელმა იკლო, რის გამოც შტატებმა სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამების დანერგვა დაიწყეს. მაგალითად, ნიუ-იორკში უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსება, ხოლო ოჰაიოში ერთი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com