ახალი ამბები

აშშ-ში ვაქცინაციის ლატარიაში ახალგაზრდამ 1 მლნ დოლარი მოიგო

28 მაისი, 2021 • 1193
აშშ-ში ვაქცინაციის ლატარიაში ახალგაზრდამ 1 მლნ დოლარი მოიგო

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მცხოვრებმა ები ბაგინსკიმ კორონავირუსისგან ვაქცინაციის წყალობით ერთი მილიონი დოლარი მოიგო, იტყობინება „ენ-ბი-სი“.

ტელეარხის ცნობით, 22 წლის ბაგინსკი არის პირველი, ვინც შტატის ლატარიაში გამარჯვებული გახდა. ოჰაიოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუთი ოთხშაბათის განმავლობაში ვაქცინირებულ პირებისთვის ლატარია ტარდება, რომლის მთავარი პრიზიც ერთი მილიონი დოლარია.

გამარჯვების შესახებ ბაგინსკის შეატყობინა ოჰაიოს გუბერნატორმა, მაიკ დიუაინმა. თავდაპირველად გუბერნატორის ზარი ხუმრობა ეგონა.

„ისე ვყვიროდი, რომ მშობლებს ეგონათ, თითქოს ვტიროდი და რამე ცუდი მოხდა. როცა ყვირილი დავუწყე, რომ მილიონი დოლარი მოვიგე და მილიონერი ვიქნებოდი, მითხრეს, დავწყნარებულიყავი და შემემოწმებინა, ხუმრობა ხომ არ იყო“, — ჰყვება იგი.

ბაგინსკის თქმით, ვაქცინაციის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ლატარიის გამოცხადებამდე, მეგობრების და ნათესავების დაცვის მიზნით მიიღო:

„ვაქცინები ყოველთვის იყო ჩემი სამედიცინო ისტორიის ნაწილი. საკმაოდ მარტივად მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი და რაც შეიძლება მალე გამეკეთებინა აცრა. ყველას მოვუწოდებ, ვაქცინაცია ჩაიტაროს. თუ ერთი მილიონი დოლარის მოგება არაა საკმარისი, არც ვიცი, რა შეიძლება იყოს“, — დასძენს იგი.

გამარჯვებულმა ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს ფულს. თუმცა ამბობს, რომ ნაწილი ქველმოქმედებაზე დაიხარჯება, კიდევ ცოტა — ახალი მანქინის საყიდლად [ზუსტად ახალი მანქანის საყიდლად წასულს დაურეკა გუბერნატორმა], ხოლო დანარჩენით, დიდი ალბათობით, ინვესტიციები განხორციელდება.

ბაგინსკისთან ერთად ლატარიაში გაიმარჯვა 14 წლის ჯოზეფ კოსტელომ. შტატი მას დაუფინანსებს ოჰაიოში მდებარე ნებისმიერ უნივერსიტეტში ოთხწლიან სწავლას. კოსტელოს თქმით, არ აქვს გადაწყვეტილი, რას ისწავლის, თუმცა, დიდი ალბათობით, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტს ან ოჰაიოში მაიამის უნივერსიტეტს აირჩევს.


გარეკანის ფოტო: ოჰაიოს გუბერნატორის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი