ახალი ამბები

“20 ივნისს სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის” — გახარია “ოცნების” დეპუტატებზე

8 ივნისი, 2021 • 1415
“20 ივნისს სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის” — გახარია “ოცნების” დეპუტატებზე

პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ უსაფუძვლოა “ქართული ოცნების” ახლანდელი ლიდერების ბრალდებები მის მიმართ. ღარიბაშვილმა იგულისხმა ირაკლი კობახიძის ბრალდება გახარიას და მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

“მე არაფერს გავაკეთებდი ისეთს, რომ პარტია, რომელსაც ვემსახურებოდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, რომ დამეზიანებინა. ახლა ვიღაცა გამოვა და დამდებს ბრალს იმაში, რომ თურმე ნაციონალებთან რაღაცა კავშირი მაქვს მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ იქ პარლამენტში. სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის.

ცარიელი იყო საერთოდ პარლამენტი და ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცები, რომ პარლამენტში შევსულიყავით”, — თქვა გიორგი გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში “რეაქცია”.

2019 წლის 20 ივნისს პოლიციამ დაარბია პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქცია, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ხელისუფლებამ მაშინ თქვა, რომ დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აქტივისტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.


ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებმა 18 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, კიევიდან მიიღეს მიიღეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოსვლას და „ალტერნატიული მთავრობის შექმნას“ გეგმავდა, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გახარიას პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაცია სააკაშვილის გეგმებზე პრემიერ გიორგი გახარიას მაშინ არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. „ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით [მელიას დაკავების] ოპერაციის გადადებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი