ახალი ამბები

პარლამენტარი ირწმუნება, რომ შუქრუთის პრობლემა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით მოგვარდა

8 ივნისი, 2021 • 986
პარლამენტარი ირწმუნება, რომ შუქრუთის პრობლემა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით მოგვარდა

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი ხატია წილოსანი აცხადებს, რომ „სახელისუფლებლო შტოების ჩართულობით და აქტიური თანამშრომლობით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ [შუქრუთელების] საკითხი არის მოგვარებული“.

8 ივნისის მდგომარეობით, კომპანიასთან მოლაპარაკებების „აქტიურ ფაზაში შესვლის“ ფონზე, შუქრუთელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა კვლავ უარს ამბობენ საკვებზე.

ხატია წილოსანი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. შუქრუთელ მოშიმშილეებზე განცხადება მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა:

„ეს საკითხი უკვე არის მოგვარებული და გადაწყვეტილი. ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ პროტესტი, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიაღწიეს კომპანიასთან შეთანხმებას და მიმდინარეობს ბოლო იურიდიული პროცედურები. ის, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰქონდათ პროტესტი და მათ გამოაცხადეს შიმშილობა და მიმართეს რადიკალურ ზომებს, ამას ჩვენი რეაქცია მყისიერად მოჰყვა. ჩართულობა იყო დარგობრივი სამინისტროების მხრიდანაც. პოლიტიკური განცხადებების გარდა, სამუშაო რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში“.

„ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი არ ინტერესდება ადამიანების ბედით. პირიქით, სწორედ სახელისუფლებლო შტოების ჩართულობით და აქტიური თანამშრომლობით კომპანიასთან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებით, საკითხი არის მოგვარებული“, — განაცხადა წილოსანმა. მისი კომენტარი პარლამენტის პრესცენტრმა გაავრცელა.

8 ივნისს „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, გიორგი ნეფარიძემ უთხრა, რომ მოლაპარაკებები „აქტიურ ფაზაშია“ და განაცხადა, რომ იმედოვნებს, პროცესი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მალე დასრულდება.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას უკვე 100 დღეზე მეტია, მართავენ.

ერთ კვირაზე მეტია, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

8 ივნისს გიორგი ნეფარიძემ გვითხრა, რომ წინა დღიდან მოყოლებული, დემონსტრანტებმა სითხის მიღება განაახლეს, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე შიმშილობას მაინც აგრძელებენ.

შუქრუთელი დემონსტრანტები ამ დროის განმავლობაში მუდმივად მიუთითებდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობაზე. მათი თქმით, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს, პირამოკერილებს პროტესტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გაეგრძელებინათ.

აშშ-ის ელჩის წარმომადგენელი შუქრუთელებს შეხვდა კიდეც და უთხრა, რომ საელჩოს მხოლოდ შუამავლის როლის შესრულება შეეძლო მათი პრობლემის დასაძლევად.

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი