თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩის 7 ნომერში მდებარე ხვეული კიბე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ალბათ, ბევრს ქართული ფილმიდან — “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” — ახსოვს.
მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში აშენებული ხის კიბე, რომელსაც თბილისური ეზოსთვის, მხატვრულ-არქიტექტრულთან ერთად, ფუნქციური დანიშნულებაც ჰქონდა, დღეს ჩამონგრევის პირასაა და სრულად ამორტიზებულია.
თუმცა პროფესიული ინტერესებით გაერთიანებული მეგობრების ჯგუფის წყალობით, რომელიც შედგება როგორც ქართველი ასევე უცხოელი არქიტექტორებისა და რესტავრატორებისგან, ნაგებობამ შესაძლოა პირვანდელი სახე დაიბრუნოს.
ისტორიული და კულტურული კონტექსტი
კვლევის ავტორის თქმით, შენობა მნიშვნელოვანია ვ. ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების, ისევე როგორც ვერის უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში, და თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის, პრაქტიკულად, ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს. შენობას გამორჩეულ მახასიათებელს ხის ხვეული კიბე ანიჭებს.
სხვა ფასეულობებთან ერთად, შენობას მემორიალური მნიშვნელობაც აქვს, რადგანაც 1909-1971 წლებში ამ ეზოში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. სწორედ სერგო ზაქარიაძე ასრულებს მთავარი გმირის, გიორგის როლს ფილმში “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, რომლის ერთ-ერთ სცენაშიც აღნიშნული ხის ხვეული კიბე გვხვდება.
ფილმი 1959 წელსაა გადაღებული და კარგად ჩანს, რომ კიბე იდეალურ მდგომაროებაშია. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნიკა გაბისკირია “ნეტგაზეთთან” ამბობს, ნაგებობის დაზიანება, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყო. მისი თქმით, ადგილობრივები რაც შეეძლოთ, აკეთებდნენ და რამდენიმე ადგილას კიბის გამაგრებასაც შეეცადნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ნაგებობა დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ისტორიული ნაგებობის რესტავრაციასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” თბილისი მერიას მიმართა და ჰკითხა, რატომ არ მოხდა მუნიციალიტეტის მიერ კიბის აღდგენა. დედაქალაქის მთავრობაში გვითხრეს, რომ კიბე კერძო საკუთრების ტერიტორიაზეა და ასეთ დროს ჩასატარებელ სამუშაოებზე თანადაფინანსების პრინციპი მოქმედებს.
კერძოდ, მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების 90%-ს გამგეობა იხდის, 10 პროცენტი კი მოსახლეობის გადასახდელი იქნებოდა. მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ კაკაბაძეების 7 ნომრის მოსახლეობას გამგეობაში თანადაფინანსებაზე განცხადება აღარ შეუტანიათ.
“პროექტი კიბე”
როგორც ნიკა გაბისკირია “ნეტგაზეთთან” ჰყვება, კიბის რეაბილიტაციის ინიციატივა მათ ამერიკელ მეგობარს, ტომას იბრაჰიმს ეკუთვნის. მისი თქმით, ძმები კაკაბაძეების 7 ნომრის ეზოს წლების წინ მიაკვლიეს, მეგობრისთვის ბინის ძებნისას:
“ტომასი ამ შენობაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ვიდექით ხოლმე ტერასაზე და ვუყურებდით კიბეს. გული გვწყდებოდა,ასეთ მდგომარეობაში რომ იყო. ვფიქრობდით, იქნებ რამენაირად აღგვედგინა ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა. ნელ-ნელა ამ აზრის ირგვლივ მეტი ხალხი შემოიკრიბა. 2020 წელს შეიკრა საინიციატივო ჯგუფიც და წელს უკვე აქტიურად ჩავებით ამ საქმეში” ,— ამბობს ნიკა გაბისკირია.
ამჟამად საინიციატივო ჯგუფი 13 ადამიანისგან შედგება, ესენი არიან ადგილობრივი და უცხოელი არქიტექტორები, რესტავრატორები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.
„ძალზედ საინტერესო სამუშაო ჯგუფი შეიკრა, ხუთი გვყავს მაგისტრატურის სტუდენტი დელფტის უნივერსიტეტიდან. ტურანი, ეკინი, მარტინასი, ფრა და ტომასი, თითოეული მათგანი განსხვავებული წარმოშობით და სამუშაო გამოცდილებით. გივი მაჭავარიანი აჭარა გრუფის არქიტექტორია. მას ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა “რუმსის” სასტუმრო, სასტუმრო სტამბა და სხვა მრავალი. ლაშა შარტავა არქიტექტორი და არქიტექტორ-რესტავრატორია, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.
ლუკა ღუდუშაური გამოცდილი პროექტების მენეჯერი, რომელსაც უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ჰილტონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ა.შ. გიო სუმბაძე მულტიმედია ხელოვანი, ხელოვანთა ჯგუფ GOSLAB-ის წევრი. მისი ნამუშევარი „კამიკაძე ლოჯია” 55-ე ვენეციის ბიენალეზე იყო წარდგენილი საქართველოს სახელით.
ლადო და დიმიტრი ქართველი არქიტექტორები, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანები, თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცე მაუდის თანადამაარსებლები. და კატია პეტროვსკაია – მწერალი და ჟურნალისტი, ამჟამად ფრანკფურტის სახალხო გაზეთის მწერალი.“
ჯგუფის წევრის თქმით, პროექტისთვის ყველა საჭირო კვლევა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ამასთან, მომზადდა რესტავრაციის პროექტი და რეაბილიტაციის ნებართვისთვის მერიას ჯგუფი უახლოეს მომავალში მიმართავს.
პარალელურად, ჯგუფის წევრები პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსებს იძიებენ. ამისთვის პლატფორმა Go Fund Me-ზე ანგარიში შექმნეს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. ამ დროისთვის პროექტის განსახორციელებლად საჭირო 20 000 ევროდან პლატფორმაზე შეგროვილია 607 ევრო.
როგორც ნიკა გაბისკირია “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, პროექტი მხოლოდ რესტავრაციას არ მოიცავს. მისი თქმით, მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, კიბის სრული აღდგენა და რესტავრაციაა, თუმცა ჯგუფის წევრებს მისთვის საგანმანათლებლო მნიშვნელობის შეძენაც სურთ და პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შესაბამისი მიმართულების სტუდენტების ჩართვას გეგმავენ.
პროექტის ავტორების თქმით, ამისთვის აქტიურად თანამშრომლობენ ევროპელ არქიტექტორ სტუდენტთა ასამბლეასთან და გეგმავენ ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასაც:
“…ძალიან რთული და საინტერესო პროცესი იქნება. პირველ რიგში, ამას კიბის სტრუქტურა განაპირობებს, შემდეგ- უკვე თავად პროცესი. სტუდენტები ადგილობრივ და უცხოელ დურგლებთან, არქიტექტორებთან, რესტავრატორებთან და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვებიან კიბის აღდგენის კოლექტიურ პროცესში, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იქნება ყველასთვის.
გარდა ამისა, გვექნება ქალაქის ალტერნატიული ტურები და დისკუსიები, სადაც განვიხილავთ ისეთ თემებს ,როგორიცაა კონსერვაციის მნიშვნელობა, საზოგადოების დემოკრატიული ჩართულობის მნიშვნელობა ქალაქის მოვლისა და ისტორიულ კულტურული ძეგლების შენარჩუნების პროცესში და სხვა” ,— ამბობს გაბისკირია.
პროექტის თანაავტორის თქმით, ჯგუფის წევრების მიზანი სამუშაოების წლის ბოლომდე დასრულებაა. ნიკა გაბისკირია აღნიშნავს, რომ უშუალოდ რესტავრაციის დაწყებას ივლის-აგვისტოში ვარაუდობენ, თუმცა პროექტის განხორციელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საჭირო ფინანსების მოძიებაზე.
პროექტის დაფინანსება მსურველებს GoFundMe-ს მეშვეობით შეუძლიათ, თუმცა საქართველოდან ლარის ჩარიცხვა ანგარიშის ნომრითაცაა შესაძლებელი – GE31TB7155436080100011 .
დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ ეწვიოთ კიბის პროექტის ვებ-გვერდს www.staircase.ge