ახალი ამბები

სახალხო დამცველი დღეს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს — სამადაშვილი

8 ივნისი, 2021 • 1076
სახალხო დამცველი დღეს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს — სამადაშვილი

დღეს, 8 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების ნაწილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის იყო “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი ტარიელ ნაკაიძე და “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, ნინო ლომჯარია ღირსეული და ძლიერი ადამიანია. სალომე სამადაშვილის თქმით კი, დღეს სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს.

“მაშინ, როდესაც თქვენ სრულიად ჩამოშალეთ სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები, მე მინდა, დღეს ამ დარბაზიდან განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს. იმიტომ, რომ დღეს სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს. ეს ასევე არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტში კონსენსუსის გზით დავამტკიცეთ. მათ, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, მსურს შევახსენო, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავუჭირეთ მხარი სახალხო დამცველის კანდიდატს ერთად და ეს აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილება. მიშელის დოკუმენტი სწორედ მსგავსს, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გუშინ, 7 ივნისს, ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს და სახალხო დამცველის გადადგომა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ლომჯარია ამ საკითხში არ უნდა ჩარეულიყო.

ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი