ახალი ამბები

პარლამენტმა ნატოში ინტეგრაციაზე განცხადება მოამზადა

8 ივნისი, 2021 • 788
პარლამენტმა ნატოში ინტეგრაციაზე განცხადება მოამზადა

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ განცხადება მოამზადა, რომელიც ხელმოსაწერად ღიაა პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის.

აღნიშნული განცხადება წინ უძღვის 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტს. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას.

ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, ქვემოთთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:
ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით;
ვადასტურებთ რა 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“;

ვემხრობით რა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს;
სრულად ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია;

ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატოს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა;
აღვნიშნავთ რა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში;

ვითვალისწინებთ რა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი;

აღვნიშნავთ რა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად;

ვითვალისწინებთ რა, რომ ნატოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი,

ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:

1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე, მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.
3. მოვუწოდებთ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე, უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.
5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.
6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.
7. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.
8. გვჯერა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.
9. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ განცხადებას ხელს  მოაწერენ შემდეგ ფრაქციები: “ქართული ოცნება”, “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი