ახალი ამბები

იძულებული ვართ, დავემორჩილოთ — მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პანსიონთან მიმართებით

6 ივნისი, 2021 • 1281
იძულებული ვართ, დავემორჩილოთ — მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პანსიონთან მიმართებით

“არასწორად გააკეთა თუ სწორად გააკეთა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ იძულებული ვართ, დავემორჩილოთ”, — თქვა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანას ეხება.

სასულიერო პირის აზრით, გადაწყვეტილება “არ არის სწორი” და სასამართლო დაეყრდნო “არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომ თითქოს აქ რაღაც ცუდი ხდება”.

“არც ერთი ბრალდება, ცილისწამებას ვიტყოდი უფრო მეტად, რომელსაც ეს არასამთავრობოები აყენებენ, არ არის დამტკიცებული”, — აღნიშნა მან 6 ივნისის ქადაგებისას.

სხალთელი მთავარეპისკოპოსის აზრით, “ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო”, რომ პანსიონში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი აპარატის წარმომადგენლები არ შეუშვეს. სასულიერო პირს იქამდე ნათქვამი აქვს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები სწორედ მისი კურთხევით არ შეუშვეს ტერიტორიაზე.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით”, — თქვა მან, შემდეგ კი უწინდებურად დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა ომბუდსმენზე საუბრისას.

პანსიონიდან კიდევ 5 ბავშვი გაიყვანეს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან კიდევ 5 არასრულწლოვანი გამოიყვანეს. უწყება აღნიშავს, რომ განაგრძობს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მუშაობას და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც დაწყებულია.

“2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.

ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თანახმად, არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებულია. ეს მოიცავს ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/348067/

მასალების გადაბეჭდვის წესი