ახალი ამბები

“პანსიონში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა” — ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხედვა

6 ივნისი, 2021 • 1898
“პანსიონში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა” — ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხედვა

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო”, — აცხადებენ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სპეციალისტები. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, “შექმნილი კრიზისის სამართავად” გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც “საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს” დაეფუძნება.

“მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას დიდი ზომის დახურული ტიპის ინსტიტუციიდან. მნიშვნელოვანია პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა აღსაზრდელი. ამ მომენტიდან მოცემული კრიზისის გადაჭრაზე მიმართული ძალისხმევა და ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს”, — დასძენენ ორგანიზაციები და რამდენიმე პუნქტად წარმოადგენენ პრობლემის მოგვარების მათეულ ხედვას:

  1.  კრიზისის მართვის (გარდამავალ) პერიოდში აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა;
  2. კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მივმართოთ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა – ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით;
  3. წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით, ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ყოფილი აღსაზრდელების საუბრიდან გამომჟღავნდა, უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, საჭიროა ამ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები);
  4. ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ იშუშებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ჭრილობებს, თუ მართლმსაჯულების სამართლიანი პროცესი არ შედგა. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობის გამოვლენილ ფაქტებზე სათანადო მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა, რომელიც ყველა ჩართული სუბიექტის მხრიდან მომხდარის გამო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე იქნება მიმართული. ეს მომხდარიდან გაკვეთილების გამოტანასა და შესაბამისად, სამომავლოდ, ინსტიტუციურ დონეზე ბავშვთა უფლებების დარღვევების პრევენციაშიც დაგვეხმარება;
  5. ამ დღეებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარეობს ბავშვების დაკითხვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში;
  6. საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებით გამყარებულია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ამ რისკების აღმოსაფხვრელად, უკვე წლებია, რაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის – ანუ, ბავშვთა დიდი ინსტიტუციების დაშლისა და ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო ალტერნატიული ფორმების დანერგვის სტრატეგიას. ჩვენს სახელმწიფოში არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის საფუძველზე, ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი, კრიზისის მართვაზე ორიენტირებული ნაბიჯები, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, და გამოყოს ამისთვის სათანადო რესურსები.

“როგორც პირველი ნაბიჯი, აუცილებელია შეიქმნას კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც გადაუდებლად დაგეგმავს კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ღონისძიებებს”, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსც ხელს აწერენ:

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT; ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი; წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT ქუთაისი; ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი – თბილისი; საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია; საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა; საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის; მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი; ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი; საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP; საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი; საქართველოს EMDR ასოციაცია; შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია; ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია; ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი; ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი – მწვანე სახლი; საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია; ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში; ააიპ „მშობლები განათლებისთვის“; საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია; ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია; კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი; საქართველოს ესოს ბავშვთა სოფელი; სოციალურ მუშაკთა გაერთიანება; ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“; ფსიქოთერაპიის სახლი კამარა; თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი; საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია; პიროვნული და პროფესიული გავითარების სივრცე „კაიკონა“; ა(ა)იპ ღია სახლი; საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA; საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი – „კონტაქტი“; თბილისის აუტიზმის ცენტრი; კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

პანსიონიდან კიდევ 5 ბავშვი გაიყვანეს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან კიდევ 5 არასრულწლოვანი გამოიყვანეს. უწყება აღნიშავს, რომ განაგრძობს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მუშაობას და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც დაწყებულია.

“2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.

ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თანახმად, არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებულია. ეს მოიცავს ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/348067/

მასალების გადაბეჭდვის წესი