ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, სასამართლოს განჩინება პანსიონში ყველა ბავშვს უნდა შეეხოს

5 ივნისი, 2021 • 955
ომბუდსმენის თქმით, სასამართლოს განჩინება პანსიონში ყველა ბავშვს უნდა შეეხოს

სახალხო დამცველი ეხმაურება სასამართლოს განჩინებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფომ პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანოს.

„არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს“, – წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე“, – წერს სახალხო დამცველი.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ გამოაცხადა 5 ივნისს 17:00 საათზე, მოსამართლე ივანე ღლონტი სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში და განჩინებაში მიუთითა, რომ:

„სასამრთლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეიტლების მიღებამდე სარჩელის უზრუნლვეყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშთა ინტერესები და მას მიადგენს მნიშვნელოვანი ზიანი“…

მისი განმარტებითვე, ეს ნიშნავს, რომ ახლა „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამწამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა“ პანსიონატიდან და გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

კიდევ რას ამბობს ომბუდსმენი?

ომბუდსმენის თანახმად, სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.

„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით“, – წერია განცხადებაში.

„აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი