ახალი ამბები

თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას – მიტროპოლიტი პანსიონზე

5 ივნისი, 2021 • 1323
თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას – მიტროპოლიტი პანსიონზე

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე შექმნილი კომისიის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ [საპატრიარქოში] ჯერჯერობით არ იცნობენ სასამართლოს გადაწვეტილებას, თუმცა ამბობს, რომ თუ ეს შესაძლებელი იქნება, გაასაჩივრებენ.

„არ ვიცი, რა განჩინებაა, არ ვიცი, რა ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული და თუ შეიძლება გასასჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვნახოთ, რა არის და როგორ არის და ამის მიხედვით“, – უთხრა მან „რუსთავი 2-ს“.

რა ხდება?

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ გამოაცხადა 5 ივნისს 17:00 საათზე, მოსამართლე ივანე ღლონტი სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში და განჩინებაში მიუთითა, რომ:

„სასამრთლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეიტლების მიღებამდე სარჩელის უზრუნლვეყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშთა ინტერესები და მას მიადგენს მნიშვნელოვანი ზიანი“…

მისი განმარტებითვე, ეს ნიშნავს, რომ ახლა „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამწამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა“ პანსიონატიდან და გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

რას იზამს სახელმწიფო?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კითხვით, თუ როგორ მოიქცევიან აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – PHR

მასალების გადაბეჭდვის წესი