ახალი ამბები

უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე და ბავშვები – დავითულიანი პანსიონზე

5 ივნისი, 2021 • 1175
უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე და ბავშვები – დავითულიანი პანსიონზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი ბექა დავითულიანი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება, აცხადებს:

„დღეს უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები. ბავშვებს მოვუხსნათ ის სტრესული ფონი, რაც იქ უცხო ადამიანების ყოფნით არის გამოწვეული და შემდეგ გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა სოცმუშაკები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან“.

დავითულიანის განცხადებითვე, მიტროპოლიტი სპირიდონის პოზიცია სოცმუშაკებთან იყო „მიმღებლური და რბილი“:

„მათ ყველას აძლევს მუშაობის საშუალებას. ჩვენ ვეცდებით, რომ სოც მუშაკები ამ საშუალებას იყენებდნენ მანამ, სანამ სახალხო დამცველს არ ექნება მონოტორინგის შესაძლებლობა“, – თქვა ბექა დავითულიანმა.

საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“, ბექა დავითულიანი და შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდაში 4 ივნისის საღამოს შემდეგ იმყოფებიან.

უფლებადამცველების კრიტიკა

ბექა დავითულიანის განცხადება ბავშვთა უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს. ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი წერს:

„ძალადობის მოწმე და მახვერპლ ბავშვებთან, ბავშვთა უფლებებზე არასპეციალიზებული ადამიანების მუშაობას (ანუ, გასაუბრებას) კრძალავს კანონი. თუ [აღნიშნულ] ორ დეპუტატს აქვთ სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებზე და, კონკრეტულად, ძალადობის მახვერპლ და მოწმე ბავშვებთან გასაუბრების ტექნიკას ფლობენ, კი ბატონო. თუ არ ფლობენ, ბავშვების უფლებების ახალ დარღვევას ჩადიან ახლა“.

მისი თქმით, თუკი არასპეციალისტი ვერ აცნობიერებს, რამხელა პასუხისმგებლობას იღებს სტრესულ გარემოში მყოფ ბავშვთან გასაუბრებით, „საშინელება შეიძლება მოხდეს“.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გადაიყვანა, 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი