ახალი ამბები

რაგბის კავშირი დანერგავს ანტიკორუფციულ მექანიზმებს – ტყემალაძე წულუკიანს

5 ივნისი, 2021 • 1518
რაგბის კავშირი დანერგავს ანტიკორუფციულ მექანიზმებს – ტყემალაძე წულუკიანს

სამინისტროს განცხადების თანახმად, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან საუბრისას განაცხადა, რომ რაგბის კავშირში ანტიკორუფციული მექანიზმები ამოქმედდება რესურსების ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

5 ივნისს სამინისტროს პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში მიიღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე.

სოსო ტყემალაძე 2021 წლის 10 მარტს აირჩიეს რაგბის კავშირის თავმჯდომარედ. ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე. ტყემალაძის არჩევას წინ უძღოდა წელიწადზე მეტხანს გაწელილი არჩევნები, ურთიერთბრალდებები კორუფციასა და მუქარაზე და, კენჭისყრის დღეს, ფიზიკური დაპირისპირებაც.

10 მარტს არჩეული ახალი პრეზიდენტი იოსებ (სოსო) ტყემალაძეა, — ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი [ივანიშვილი 2014 წელს სპორტულ ორგანიზაციებში საკუთარი კადრის დანიშვნის სურვილზე საუბრობდა].

სამინისტროს 5 ივნისის ცნობითვე, შეხვედრაზე სოსო ტყემალაძე გამოეხმაურა თეა წულუკიანის ინიციატივას, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ამოქმედდეს ანტიკორუფციული მექანიზმები, რათა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიზნობრივი იყოს.

„რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავშირი დანერგავს აღნიშნულ მექანიზმებს, მათ შორის შესაბამისი დათქმები აისახება ორგანიზაციის დებულებაშიც რაგბის კავშირის მიერ დახარჯული თანხების სათანადო მონიტორინგის მიზნით“, – იუწყება სამინისტრო.

შეხვედრაზე, სამინისტროს ცნობითვე, სოსო ტყემალაძემ თქვა, რომ „ძალიან მალე რაგბის კავშირის გამგეობა უფრო მეტად გამჭვირვალე წესებით არჩეული წევრებით დაკომპლექტდება“. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა გამგეობის შემადგენლობა მარტის ბოლოს დაასახელა.

პრესრელიზის თანახმად, მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს მიმდინარე სამუშაო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ქართული რაგბის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი