ახალი ამბები

ინსპექტორმა ნინოწმინდის პანსიონიდან გავრცელებული ვიდეოების შესწავლა დაიწყო

4 ივნისი, 2021 • 1146
ინსპექტორმა ნინოწმინდის პანსიონიდან გავრცელებული ვიდეოების შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მთავარპესიკოპოს სპირიდონის მიერ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნების სრული იდენტიფიცირება შეიძლება.

სავარაუდოდ, კადრებში ჩანან ის ბავშვები, რომელთა დაწესებულებიდან გაყვანაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მუშაობს. მანამდე უწყებამ პანსიონიდან 6 ბავშვი მათივე მოთხოვნის საფუძველზე გაიყვანა.

გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ მთავარეპისკოპოსი სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე მათგანი გადაღების მიმდინარეობისას ტირის კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებს.

“ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი