ახალი ამბები

ვუსურვებ წარმატებებს, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ – ბერძენიშვილი ლიდერების წასვლაზე

4 ივნისი, 2021 • 2287
ვუსურვებ წარმატებებს, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ – ბერძენიშვილი ლიდერების წასვლაზე

„რესპუბლიკური პარტიის“ თანადამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ წარმატებებს უსურვებს თამარ კორძაიასა და საკუთარ ძმას, პარტიის თანადამფუძნებელ ლევან ბერძენიშვილს, — რომლებმაც პარტია დატოვეს, — და სხვა კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

„თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი — ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ“, – დაწერა დავით ბერძენიშვილმა 4 ივნისს ფეისბუკზე.

„წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – დაწერა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ.

2021 წლის 3 ივნისს ხათუნა სამნიძე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ახალ ფრაქციაში, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაერთიანდა.

მეორე დღეს, 4 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განაცხადა პარლამენტარმა თამარ კორძაიამ და მიზეზად დაასახელა, რომ მისი აზრით, ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა „რესპუბლიკური პარტიის“ ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით უნდა გაეგრძელებინა.

პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა, — დავით ბერძენიშვილის ძმამ, — 4 ივნისსვე განაცხადა, რომ ტოვებს პარტიას. „ნეტგაზეთს“ მან განუცხადა, რომ არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი