ახალი ამბებიეკონომიკა

“ეს იქნება ტურბულენტური წელი” – ტურიზმის გამოწვევები 2021-ში

7 ივნისი, 2021 • 3524
“ეს იქნება ტურბულენტური წელი” – ტურიზმის გამოწვევები 2021-ში

ტურიზმის სექტორი ერთ წელზე მეტია, თითქმის სრულად გაჩერებულია, თუმცა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აპრილში ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა. ივნისიდან გაიხსნა სახმელეთო საზღვარიც.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საქართველოში 85 754 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 141%-ით აჭარბებს გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. 2020 წელს, როცა ქვეყანას დაკეტილი ჰქონდა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი, ქვეყანაში მხოლოდ 35 497 ვიზიტი განხორციელდა, დაახლოებით ნახევარ მილიონით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო საზღვარი ქვეყანას აპრილში გახსნილი არ ჰქონია, 5-8 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ყველაზე მეტი ვიზიტი, 21 ათასი, თურქეთიდან იყო, შემდეგ მოდის ისრაელი 10 ათასი ვიზიტით. ადმინისტრაციას ამ დროისთვის მაისის მონაცემები არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, უცნობია, რა ვითარება იყო ამ კუთხით წინა თვეში. ეს სტატისტიკა ტურიზმის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ვნახეთ, სადაც მხოლოდ ვიზიტებია დათვლილი და არ არის ჩაშლილი, მათგან რამდენი იყო ტურისტული ვიზიტი.

ამ სტატიაში ვარკვევთ, რა მოლოდინები და გამოწვევები აქვს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას 2021 წელს საქართველოში.

რომელი ქვეყნებიდან და რა პირობებით უშვებს საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

ჯერ კიდევ თებერვალში, როცა საქართველომ საჰაერო საზღვარი გახსნა, უფლება მისცა ვაქცინირებულ ადამიანებს, ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში შემოსულიყვნენ. უკვე პირველი ივნისიდან ქვეყანამ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, თუმცა ამ დროისთვის სახმელეთო საზღვარი ცალმხრივად, საკუთარი მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი აქვს აზერბაიჯანს და რუსეთს (თურქეთიდან და სომხეთიდან ღიაა). რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით შემოდიან, ისიც არაპირდაპირი რეისებით.

საქართველოში ჩამოსვლის მსურველმა ვიზიტორებმა საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინონ ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი. სახმელეთო საზღვრის კვეთისას მოქალაქეებმა დამატებით ასევე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. გამონაკლისია ინდოეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ვაქცინის სრული კურსისა და PСR ტესტის მიუხედავად, სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. 14-დღიანი კარანტინის ხარჯების დაფარვა მათ საკუთარი თანხებით უწევთ.

ვაქცინის გარეშე, მხოლოდ PCR-ით საქართველოში ჩამოდიან შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები - დააკლიკეთ

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • კანადა
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • ქუვეითის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • მოლდოვის რესპუბლიკა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • რუსეთის ფედერაცია
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • თურქმენეთი
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  • იაპონია
  • კორეის რესპუბლიკა
  • ომანის სასულთნო

ამ ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ყოფნის მესამე დღეს საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტაროს PCR კვლევა. დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვრის კვეთის პირობებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ტურიზმის სექტორის მოლოდინები 2021 წლის ზაფხულის სეზონზე

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ძალიან ნელა მიმდინარეობს აღდგენის პროცესი და პანდემიის პირველ წელთან შედარებით დადებითი შედეგია რიცხვებში. ალავერდაშვილის შეფასებით, სახმელეთო საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით შავი ზღვის კურორტებისთვის, სადაც, როგორც გვეუბნება, სომხეთიდან უკვე აქვთ ჯავშნები.

შალვა ალავერდაშვილი

“ამ ეტაპზე ვიზიტორები გვყავს უკრაინიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები, ყველა რეგულაციებს ველოდებით. მაგალითად, ევროპის ქვეყნები ტურისტულ ჯგუფებს არ უშვებენ და რეკომენდაციის სახით ეუბნებიან, რომ საზღვარი არ გადაკვეთონ. მსგავსი რეკომენდაციები ამ დროისთვის სექტემბრამდე მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, ეპიდემიის თვალსაზრისით რომელ ქვეყანაში რა ვითარებაა. მთავრობამ ისეთ ქვეყანაში რომ გააკეთოს რეკლამა, რომელიც მოქალაქეებს არ უშვებს [საქართველოში], რა აზრი აქვს?! სახელმწიფომ სარეკლამო კამპანია უკვე აწარმოა “გალფის ქვეყნებში” [საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი], რაც კარგია. ასევე ესპანეთში იყო გამოფენა.. ახლა ასეთი დაუგეგმავია მსოფლიო. იმედი გვაქვს, რომ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში თანდათან ჯავშნებს დავაგროვებთ და სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 40-50%-მდე მიაღწევს, მაგრამ ეს 50%-იანი დატვირთულობა წლიურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ანუ ეს დატვირთლობა არ ნიშნავს, რომ წლიურად აღდგება ტურიზმი 50%-ით [2019 წელთან შედარებით]. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონზე თბილისის სასტუმროების დატვირთულობა ასევე 40-50%-მდე გაიზრდება.”

კითხვაზე, ჯავშნების კუთხით რა ვითარებაა ზაფხულის პერიოდში, ალავერდაშვილი გვპასუხობს, რომ ტურისტების ქცევა პანდემიის პერიოდში შეიცვალა. გასული წლებისგან განსხვავებით, როცა ვიზიტორები რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიდნენ ტურებს, ახლა ერთი კვირით ადრე იღებენ მოგზაურობის გადაწყვეტილებას.

“დიდი ხნით ადრე გაკეთებული ჯავშნები ძალიან ცოტაა, თუმცა 2020 წელს აჯობებს. რაც მეტად ვაქცინირებული იქნება ქვეყანა, მით მეტი სტუმარი ჩამოგვივა.”

ტურისტული კომპანია “ვანდერ ლენდის” ხელმძღვანელი ქეთი დოჭვირი ამბობს, რომ ნელ-ნელა იზრდება ჯავშნების რაოდენობა და იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სეზონი შარშანდელზე ბევრად უკეთესი იქნება.

“რადიკალური ზრდა გვაქვს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მოლოდინი და ჯავშნების რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ზაფხული ბევრად აქტიური გვექნება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ჯავშნები ძირითადად ბალტიის ქვეყნებიდან გვაქვს, ასევე, ყაზახეთი და არაბული ქვეყნები, ესაა ძირითადი ბაზრები ამ პერიოდში. ჩვენი ევროპელი ტურისტების გარკვეული ნაწილი ძირითადად კავკასიაში მოგზაურობდა, ამიტომ გასულ წლებში კომბინირებული ტურები საკმაოდ პოპულარული იყო: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თუმცა წელს ამ კუთხით ალბათ ვერ ვიმუშავებთ”.

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ სარეკლამო კამპანიის ახლა დაწყება დაგვიანებულია. ამასთან, უცნობია, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ტურიზმის პოპულარიზაციაზე მიმართულ კამპანიაზე, რაც მისი შეფასებით ასევე პრობლემურია.

“როგორც ვიცი, კამპანია დაიწყეს “ინფლუენსერების” ჩამოყვანით მაისში. მანამდე მსგავსი კამპანია არ ყოფილა, ან შეიძლება იყო და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რაშიც ეჭვი მეპარება. ამიტომ, ჩემი შეფასებით, დაგვიანებულია და მძლავრიც რომ იყოს, რაც სინამდვილეში არ არის, ვერ შეძლებს ეს კამპანია, კონკრეტული შედეგი მოიტანოს ამ ზაფხულისთვის. აქედან გამომდინარე, წელს ჩამოსული ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა აქ ჩამოვა არა იმის გამო, რომ საქართველოს რეკლამა სადღაც შეხვდა, არამედ ჩამოვლენ ისეთი ვიზიტორები, რომელთათვისაც საქართველო ისედაც ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ტურიზმის ზრდა არანაირად არ იქნება სარეკლამო კამპანიის დამსახურება.”

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ მთავრობა ტურისტებს საქართველოში შემოსვლას უფრო გაუმარტივებს. მათ შორის შესთავაზებს ე.წ. კოვიდდაზღვევას, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობს. არადა, როგორც ის ამბობს, ყველა ტურისტი ითვალისწინებს ინფიცირების რისკს, რაც უცხო ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხარჯია.

“მაგალითად, 10-კაციან ტურისტულ ჯგუფში ერთს კორონავირუსი რომ დაუდასტურდეს, სხვებიც რისკის ქვეშ არიან, მაგრამ იმ ერთ კონკრეტულ ადამიანს უწევს 14-დღიანი იზოლაცია, რაც გულისხმობს ცალკე გადასვლას და უამრავი ხარჯის დაფარვას. მაშინ, როცა საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ერთი კვირით გეგმავდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი კოვიდდაზღვევა”.

მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი” ჰოლდინგმა სამინისტროს შესთავაზა კოვიდდაზღვევის პაკეტი, რაც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია, თუმცა პაკეტის ამოქმედება ზაფხულის სეზონისთვის უკვე დაგვიანებულია.

კიდეც ერთ პრობლემად “ვანდერ ლენდის” ხელმძღვანელი საქართველოში მოქმედი რეგულაციების მოხსნა/დაწესების რეჟიმს ასახელებს და ამბობს, რომ ძალიან რთულია მუშაობა იმ პირობებში, როცა წინასწარ არ იცი, როდის მოიხსნება “კომენდანტის საათი” და როცა მთავრობა რეგულაციების მოხსნას ხშირად წინა დღეს აანონსებს.

“ევროპის ბევრი ქვეყნის მაგალითი გვაქვს, თუნდაც საბერძნეთის, როცა წინასწარ გამოქვეყნდა კონკრეტული გეგმა, შეზღუდვების მოხსნის ეტაპები. ქვეყნები, რომლებიც ტურიზმზე დიდი დოზით არიან დამოკიდებულები, ცდილობენ ,ამ სფეროს აღდგენაც პრიორიტეტული გახადონ. ჩვენთან ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ტურიზმი პრიორიტეტია, რადგან მთელი წლის განმავლობაში სრულიად დავიწყებული იყო სექტორი.”

კომენდანტის საათის 23:00-მდე გადატანის მიუხედავად, დოჭვირი ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრულად გაუქმება, რადგან გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის გამო ბევრი ტურისტი ჯავშნის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ 26 მაისამდე ქვეყანაში მღვიმეები და კანიონები დაკეტილი იყო, რის გამოც დასავლეთ საქართველოში დასაქმებული გიდები ვერ მუშაობდნენ. კიდევ ერთ პრობლემად ისიც ქვეყანაში მოქმედ ე.წ. კომენდანტის საათს ასახელებს, რაც პრობლემებს ქმნის ტურისტებისთვის, თუნდაც გვიანი ფრენის შემთხვევაში აეროპორტში დახვედრისა თუ გაცილების ნაწილში.

“როდესაც ტურიზმი გაიხსნა და ფრენები ნაწილობრივ აღდგა, ამას ტურისტული ატრაქციების გახსნა არ მოჰყვა. ვგულისხმობ “პრომეთეს მღვიმეს”, კანიონებს და ა.შ., რაც მნიშვნელოვნად აისახა გიდების მუშაობაზე, რადგან ქუთაისში ჩამოსული ტურისტები ქალაქიდან გადიოდნენ, ან თუ თბილისში ჩამოფრინდებოდნენ, ქუთაისში აღარ მოდიოდნენ. შესაბამისად, დასავლეთ საქართველო მთლიანად ამოვარდნილი იყო მთელი აპრილი და მაისი ტურისტული მარშრუტებიდან. ამის გამო, როგორც გითხარით, გიდების დიდი ნაწილი ვერ მუშაობდა. ხელს კიდევ გვიშლის ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები სრულად აღდგენილი არ არის. დასავლეთ საქართველოს ტურიზმი, და არა მხოლოდ ქუთაისის, ამ აეროპორტზეა აწყობილი.”

ბერეკაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონს ძირითადად ყაზაზეთიდან ჩამოსული ტურისტები “აცოცხელებენ”, რადგან რუსეთს მათთვის საზღვარი აქვს ჩაკეტილი. ყაზახური ავიაკომპანია Flyarystan კვირაში ორჯერ დაფრინავს ქუთაისის მიმართულებით.

“ამ ეტაპზე ვცდილობთ, 2020 წლის ჯავშნები გავაცოცხლოთ, რაც მაშინ გაუქმდა. ასევე ვცდილობთ თავად ტურისტებთან თუ ტურისტულ კომპანიებთან აღვადგინოთ კონტაქტები. ესაა ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ. ამასთან, ტურისტები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, მათთან მუშაობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკმაყოფილოები არ ვართ. ვფიქრობთ, წელს პანდემიამდელი პერიოდის 30%-ის აღდგენას შევძლებთ. ზრდა დამოკიდებული იქნება ავიარეისების გახსნაზე და იმაზე, სახმელეთო საზღვრიდან უფრო მეტი ტურისტი შეძლებს თუ არა შემოსვლას. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულ ტურისტებზეა დამოკიდებული წყალტუბოსა და საირმის კურორტების მუშაობა, ასევე, შავი ზღვის კურორტებისაც.”

საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს, თუ მათ კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზა არ ექნებათ გაკეთებული, მესამე დღეს უწევთ PCR ტესტირება. ქვეყნის დატოვებისას ასევე უნდა წარადგინონ PCR ტესტი იმ ქვეყნების რეგულაციებიდან გამომდინარე, სადაც მიდიან. ბერეკაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ სხვა ქვეყნების მსგავსად, მაგალითად, თურქეთის, ტურისტები კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდებიან.

“ხელის შემშლელია კომენდანტის საათიც… გიდებს და სატრანსპორტო კომპანიებს პრობლემები ექმნებათ.. ტურისტს უწევს მოწერა კონკრეტული რეისის კოორდინატების, ჩამოფრენის საათების, ანუ დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერებია გიდებისთვისა და ტრანსპორტისთვის, რომ დახვდნენ კომენდანტის საათის დროს ტურისტებს. ვიზიტორებისთვისაც ხელისშემშლელია 23:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლის აკრძალვა. თან იმ ფონზე, როცა ჩვენს კონკურენტ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში ასეთი რეგულაცია არ მოქმედებს. იმ ქვეყნების სიაში უნდა ვიყოთ, რომლებიც რეგულაციებს კი არ დაუწესებენ ტურისტებს და ამაში კი არ ვიქნებით პირველები, არამედ ვიზიტორებისთვის მარტივად ჩასასვლელი ქვეყანა უნდა ვიყოთ.”

ტურიზმის სექტორის აცრის კამპანია რეალობაში

დაახლოებით ერთი თვის წინ მთავრობამ ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების ორგანიზებულად აცრის პროგრამა დააანონსა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინდუსტრიის წარმომადგენლები, ვისაც აცრის სურვილი ექნებოდა, ორგანიზებულად აიცრებოდა. აცრის მსურველები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

ნეტგაზეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც ეკონომიკის სამინისტრომ და არც მისმა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა გამოთქვა ვაქცინაციის სურვილი, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სექტორისთვის სამინისტრომ ვაქცინის 300-400 დოზა გამოყო.

სამინისტროს პრესსამსახურში მაშინ გვითხრეს, რომ საუბარია ორი დოზით აცრაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 200 ადამიანის სამყოფი ვაქცინა გამოიყო.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რამდენი ადამიანი აიცრა, თუმცა ადასტურებს ვაქცინაციის მსურველთა საკმაოდ დიდ რაოდენობას. ქეთი დოჭვირის თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რამდენმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი აცრის, თუმცა მისი კომპანიის შემთხვევაში თანამშრომლები, როგორც სხვა მოქალაქეები, საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით აიცრნენ. ამას გარდა, მისი ინფორმაციით, სექტორის ორგანიზებული აცრა მხოლოდ თბილისში მიმდინარეობდა, მაშინ, როცა რეგიონებშიც იყო დააანონსებული. ამასთან, ის დასძენს, რომ ინდუსტრიაში, სადაც მინიმუმ 150 ათასი ადამიანი მუშაობს, 400 დოზის გამოყოფა სასაცილოა, თუმცა არ გამორიცხვავს, რომ ადმინისტრაციას ცოტა ადამიანმა მიმართა, რადგან ვისაც აცრა სურდა, თავად მოაგვარა ეს საკითხი. გიდების ასოციაციის დირექტორიც ამბობს, რომ სახელმწიფომ აცრა ტურიზმის სექტორს მხოლოდ თბილისში შესთავაზა, რის გამოც რეგიონებიდან ვაქცინაციის ჯავშნები გააუქმეს, რადგან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩასვლა დამატებით ხარჯს მოითხოვდა. ბერეკაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა რეგიონებიდან ვაქცინის გასაკეთებლად  ბევრი ვერ ჩავიდა თბილისში.

“რეგისტრაცია როცა დაიწყო, ვუთითებდით ქალაქს, რეგიონს და ვაქცინაზე ჯავშანი კეთდებოდა. შემდეგ ყველას მოგვივიდა შეტყობინება, რომ თქვენი ჯავშანი აქტიურია თბილისში, ერთ კონკრეტულ კლინიკაში. ანუ მესტიელი, ყაზბეგელი, ქუთაისელი, ბათუმელი, ფოთელი და ა.შ. ყველა თბილისში უნდა მისულიყო ერთ კონკრეტულ კლინიკაში. ამაზე პროტესტი გამოვთქვით, ტურიზმის დეპარტამენტსაც დავუკავშირდით, იქნებ როგორმე შეცვლილიყო ეს მიდგომა და რეგიონულ ცენტრებში გადავნაწილებულიყავით. თბილისი რატომ შეირჩა, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ყველა ქალაქშია კოვიდცენტრები. ამის შემდეგ ყველა იძულებული გახდა, ან თბილისში წასულიყო, ან უარი ეთქვა ვაქცინაზე. ასეთმა მიდგომამ შეაფერხა იმ ინდუსტრიაში სწრაფი ვაქცინაცია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ უსაფრთხოდ მოემსახუროს ტურისტებს.”

“ეს იქნება ტურბულენტური წელი” – რას აპირებს სახელმწიფო

ნათია თურნავას მრჩეველი ტურიზმის საკითხებში ვალერი ჩეხერია გვეუბნება, რომ წელს სახელმწიფო სარეკლამო კამპანიის მხრივ ისეთ ქვეყნებზე გაამახვილებს ყურადღებას, სადაც საქართველოს პირდაპირი ფრენები აქვს და ასევე იაქტიურებს ვაქცინაციის კუთხით წარმატებულ ქვეყნებთან, როგორიც არის, მაგალითად, ისრაელი. ჩეხერიას განმარტებითვე, მარკეტინგული კამპანია ამ ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება მათ შორის საელჩოების ჩართვით, ე.წ. ინფლუენსერების (სოციალურ ქსელებში პოპულარული ადამიანი) ჩამოყვანითა და ადგილობრივ გამყვან ტურისტულ კომპანიებთან მუშაობით.

“ძალიან დაუგეგმავი წელია და ვერ ვიტყვით, რომ [სარეკლამო კამპანია] დაგვიანებულია. ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში რეკომენდაციებს იძლევიან.. წინასწარ დაგეგმვა და განსაზღვრა, რომელი ქვეყანა როგორ შეძლებდა გახნას, [რთულია]. ეს წელი იქნება ტურბულენტური, რადგან წინასწარ ბევრი რაღაცის დაგეგმვა არ შეგვიძლია და დამოკიდებული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე, მათ მითითებებზე. რაც შეეხება უკვე გაკეთებულ კამპანიებს, ისრაელში იყო ასეთი. აქ კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ, ისინი ცდილობენ აღადგინონ ის კონტაქტები, რაც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან ჰქონდათ და ძალიან სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ჩვენთან ვითარება შეიცვალა და ქვეყანა მზად არის ტურისტების მისაღებად, ასევე, იყო დუბაიში. შემდეგ კვირაში დაგეგმილი მაქვს შეხვედრა ხუთ დიდ კომპანიასთან, რომლებიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ტურისტების შემოყვანაზე მუშაობენ.”

რაც შეეხება კოვიდდაზღვევას, ჩეხერიას თქმით, ამ საკითხზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მუშაობს, საუბარია გარკვეული სადაზღვევო კომპანიების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რომელიც იქნება ერთგვარი გარანტია, რომ საქართველოში შემოსულ ტურისტს ეს კომპანია ნამდვილად დაუფარავს ინფიცირების შემთხვევაში არსებულ ხარჯებს და ეს არ იქნება “ფარატინა ქაღალდი.”

მისი განმარტებითვე, ზოგიერთი ევროპული ტურისტული კომპანია თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კოვიდდაზღვევის ამოქმედება მოხდეს სისტემურად და საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ჰქონდეს რეალური დაზღვევა, რომელიც ნამდვილად დაფარავს ხარჯებს.

კითხვაზე, რამდენი პროცენტით შეიძლება აღდგეს საქართველოში ტურიზმი 2019 წელთან შედარებით, ჩეხერია პასუხობს, რომ კონკრეტულ რიცხვებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მათი მიზანი,ა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მაღალმხარჯველიანი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში.

“დავთვალოთ არა მხოლოდ მათი რაოდენობა, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხაც. ჩემი მთავარი ამოცანაა, ისეთი ტურისტი შემოვიყვანოთ, რომელიც უფრო დიდი ხნით გაჩერდება საქართველოში. დღესდღეობით მოგზაურების ეს ტენდენცია ნამდვილად არსებობს… ტურისტი სამოგზაუროდ ორი დღით აღარ მოდის, რადგან იმდენი პროცედურის გავლა და თანხის დახარჯვა უწევს, რომ ურჩევნია, უფრო გრძელვადიანი იყოს მოგზაურობა. ციფრებზე საუბარი, მოდით, წლის ბოლოს, რადგან ძალიან სწრაფად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ახალ მიმართულებებზე მუშაობა.”

ჩეხერია ერთ-ერთ უპირატესობად საქართველოში შემოსვლის სიმარტივეს ასახელებს და ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინირებული ტურისტისთვის სამოგზაუროდ საკმაოდ მიმზიდველია. რაც შეეხება ინდუსტრიის ვაქცინაციის პროცესს, ჩეხერია გვეუბნება, რომ არ იცის, რამდენი ადამიანი აიცრა, საბოლოო ჯამში, და გვპირდება, რომ სტატისტიკას მოგვაწვდის.

“ვიმეორებ, ეს წელი ნამდვილად იქნება ტურბულენტური. ძალიან სწორად უნდა ვიაროთ, რადგან ერთი მხრივ, არ დავაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა იმით, რომ ვირუსი აქტიურად გავრცელდეს, თუმცა ასევე არ უნდა დავაზარალოთ ეკონომიკა იმით, რომ არ გავხსნათ. ამიტომ, ჩვენთვისაც გადაწყვეტილებები რთულად მისაღებია, რადგან სწორად უნდა განვსაზღვროთ, რათა რომელიმე მხარე არ დაზარალდეს. ეს არის პასუხი იმაზე, რატომ არ არის ცნობილი წინასწარ ბევრი საკითხი. ქვეყანაში ყოველდღიური ტესტირება მიმდინარეობს და არ ვიცით, ხვალ რა შედეგი გვექნება, ასე რომ, დამოკიდებულები ვართ ყოველდღიურ შედეგებსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე. აქედან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. მასობრივი ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი გეგმა დავდოთ ახლო მომავალში”, – ამბობს ჩეხერია.

ტურიზმი თბილისში EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი