ახალი ამბები

მონიტორინგის შესაძლებლობა ყველგან დაცული უნდა იყოს — სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

4 ივნისი, 2021 • 872
მონიტორინგის შესაძლებლობა ყველგან დაცული უნდა იყოს — სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო წესები ყველგან, მათ შორის, სასულიერო დაწესებულებაშიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდნენ:

“საერთაშორისო და ადგილობრივი წესები ბავშვთა ზრუნვის, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, ყველგან უპირობოდ უნდა იყოს დაცული. არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო, სასულიერო თუ საერო დაწესებულებაა. საბედნიეროდ, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფია მონიტორიგზე შესული და ისინი ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო”, — ამბობს სერგეენკო.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

პანსიონები, როგორც საფრთხე ბავშვებისთვის – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი